საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას შეფასებით, მათი მონეტარული პოლიტიკა განვითარებული ქვეყნების, მათ შორის ამერიკის და ევროკავშირის ცენტრალური ბანკების პოლიტიკაზე გაცილებით ეფექტური და მოქნილი აღმოჩნდა. ამის შესახებ მან „ქართუ ბანკის“ პოდკასტში განაცხადა, როცა ინტერვიუერის რეპლიკის საპასუხოდ თავისი აზრი გამოთქვა.
კერძოდ, „ბანკი ქართუს“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ ჩარკვიანმა გადაცემაში სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე საუბრისას აღნიშნა, რომ კოვიდის შემდეგ ამერიკის და ევროპის ბანკმა ძალიან გვიან დაიწყეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გადახედვა და დღემდე ახლოს არ არიან იმ ნიშნულთან, რომელიც კოვიდამდე იყო, რაზედაც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა:
„ეს მხოლოდ ჩვენი დაკვირვება არ არის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშებიც მეტყველებს, რომ განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გაცილებით ეფექტური, დროული და მოქნილი აღმოჩნდა, ვაჯობეთ განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის ევროპის ცენტრალურ ბანკს და ევროზონის მარეგულირებლებს. იმიტომ რომ თავის დროზე, როცა საჭირო იყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უფრო სწრაფად მიიღო საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე და მერე უფრო სწრაფად მიიღო ამის შემცირების გადაწყვეტილება. ანუ გაცილებით ნაკლები ბიუროკრატიაა და მეტი მოქნილობა ამ თვალსაზრისით და ეს დამდგარი ფაქტია, რომ ჩვენ ეს პროცესი უფრო ეფექტურად ვმართეთ“.
ცნობისთვის: ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ იანვარში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით 4.8%-მდე გაიზარდა, მაინც მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მარეგულირებელს რეფინანსირების განაკვეთის 2024 წლის მაისის შემდეგ არ შეუცვლია.




























