მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მოსახლეობა არ არის იმდენად მსყიდველობითუნარიანი, რომ ყველამ 2013 წლის ზემოთ ავტომობილი შეიძინოს - ასოციაცია

648865d743dd2
ნინი ლონგურაშვილი
14.06.23 00:25
11027
2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხით ახსნა. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ნაკლები ავტომობილი. ეს რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან შედის, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომანქანებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან.

BMG-ისთან ინტერვიუში “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელი, ალექსი ნონიაძე რეგულაციის რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, რეგულაციის შემოღებას არ გააჩნია საპროგნოზო კვლევები. ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ 2024 წლიდან ბაზარზე ავტომობილების დეფიციტი შეიქმნება, რაც ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს.

“მე უფრო მეტს ველოდებოდი [ეკონომიკის]მინისტრისგან, ვიდრე უბრალოდ 2013 წლამდე ავტომობილების აკრძალვის განცხადება იქნებოდა. კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაერი დაბინძურებულია, საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციებისგან დიდი ხანია გაკეთებულია და ამას ყოველთვის ვისმენთ. კითხვები არსებობს, რადგან, როდესაც მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს რეგულაცია სასაქონლო ჯგუფში, ექსპორტში პირველ ადგილზე მყოფ პროდუქტს ეხება, ყოველგვარი ეკონომიკური ანალიზის გარეშე წარმოგვიდგინეს. ჩვენ მთავრობას მივწერეთ წერილი, რა მოლოდინები აქვთ და რა ეკონომიკური გათვლები გააკეთეს, ვიდრე რეგულაციას დააანონსებდნენ - ასეთი კვლევები არ არსებობს. ვფიქრობ, დროა დავამკვიდროთ ქვეყანაში სტანდარტი, რომ ვიდრე სახელმწიფო ინიციატივას შეიტანს პარლამენტში, მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაზე არ იყოს გათვლილი და იქამდე ჯერ ეკონომიკური ანალიზი უნდა იყოს გაკეთებული.

ხომ უნდა ვიცოდეთ, რეგულაციას რა მოჰყვება - რეგულაციის ფონზე როგორ შეიცვლება ინფლაცია, ასევე რამდენად გაიზრდება უმუშევრობა, რა მოლოდინები იქნება ბაზარზე, რა შეიცვლება მონეტარულ პოლიტიკაში, ჩვენ ხომ საგარეო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ? არ შეიძლება ხელისუფლებამ ასე ხელაღებით გადადგას ნაბიჯები და შემდეგ ეროვნულ ბანკს მოთხოვოს, გამოასწოროს ბაზარზე მდგომარეობა. ეს ხომ ვალუტის შემოდინება - გადინებას ეხება, ეს ხომ აისახება ეკონომიკაზე, ფულის მიმოქცეაზე. ამ საკითხებზე მინისტრმა იფიქრა, როდესაც მთავრობას ეს წარუდგინა? ეს კითხვები ხომ არსებობს, პროგნოზები ხომ უნდა იყოს გაკეთებული, მაგრამ ამის შესახებ კვლევები არ არსებობს“, - აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

BMG-ის კითხვაზე, თუ რა ეკონომიკურ ზარალზე შეიძლება გავიდეს ინდუსტრია, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ ავტოპარკი შემცირდება, რაც უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს.

“ეს რეგულაცია აუცილებლად შეცვლის ბაზარზე, როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მოლოდინებს. ავტომობილის ჩამოყვანის ვადა მინიმუმ 4 თვეა - ახლა ავტოიმპორტიორი 2013 წლის ქვემოთ ავტომობილს აღარ იყიდის, რადგან მას აქვს უკვე მოლოდინი შექმნილი, შესაბამისად, 2024 წლიდან, რეგულაციის ამოქმედება ავტომობილებზე საშუალო ფასის ზრდას გამოიწვევს. ჩვენი მოსახლეობა არ არის მსყიდველობითუნარიანი, რომ ყველამ 2013 წლის ზემოთ ავტომობილი შეიძინოს. შედეგად მივიღებთ ფასების ზრდას. მომხმარებელი, რომელსაც ძველი ავტომობილი ჰყავს და ასეთი, ბაზრის 51%-ს შეადგენს , ვეღარ გაყიდის ავტომობილს, შესაბამისად ტექინსპექტირებასაც ვერ გაივლის, რაც ნიშნავს რომ მანქანა უნდა გააჩეროს. ეს კი გამოიწვევს უმუშევრობას, სატრანსპორტო დეფიციტს, რასაც საბოლოოდ მოჰყვება ინფლაცია”, - აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები