"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დადებითად აფასებს აშშ-ს მიერ საგარეო დახმარებების 90 დღით შეჩერებას და ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება "რუსულ კანონთან" დაკავშირებით "ოცნების" მსჯელობის სისწორეს ადასტურებს.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში რევოლუციის მცდელობებში იკვეთებოდა უცხოური, მათ შორის ამერიკული დაფინანსება.
"ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით გამჭვირვალობის შესახებ კანონის დაინიიცირების შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არა მხოლოდ გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომლებიც გარედან შემოედინებოდა, არამედ აქ საუბარი იყო ხშირ შემთხვევაში პირდაპირ რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე. ნახეთ, რომ სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო რევოლუციის 4 ჩავარდნილი მცდელობა და ყველა შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური, მათ შორის ამერიკული დაფინანსება.
გახსოვთ დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით მაგალითად რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ მარტივ რამეს ვამბობდით, მნიშვნელობა არ აქვს საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, თუ ამერიკული ფული გამოიყენება არასწორი პროცესების წარსამართად, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესი, ისევე როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ, არავითარი განსხვავება არაა. ეს ძალიან კარგად წარმოადგინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. პირდაპირ გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში არასწორი პროცესების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად. რასაც ვამბობდით და რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით აჩერებს აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, სანამ განიხილება შეესაბამება თუ არა ისინი მისი პოლიტიკის მიზნებს.