მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი - ირაკლი კობახიძე

მარიამ ქვრივიშვილი

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების კლება უნდა უზრუნველყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება.

კობახიძის განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი, არამედ ფასების რეგულირების მყარი, გრძელვადიანი მექანიზმის შექმნაა.

„სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, მათ შორის, ჩვენთვის მთავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს. შეიძლება, რაღაც შედეგები იყოს უზრუნველყოფილი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი. ამაზე ვმუშაობთ პარალელურ რეჟიმში. საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას, როგორც კი ეს პროექტი საბოლოოდ დამუშავდება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს, სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები