მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მთავარი მისია გლობალური ტექნოლოგიური ლიდერების აღზრდაა" - სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია

სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია

"სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია", რომელიც საქართველოში 2023 წლიდან ფუნქციონირებს, 5 ფილიალსა და 800-მდე მოსწავლეს აერთიანებს და საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს Google-ის, Microsoft-ის, ჰარვარდის სკოლისა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და აკრედიტაციით ახორციელებს. აკადემია ახლახან "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრი გახდა.

აკადემიის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში თამარ კერძაიამ, "სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის" პრეზიდენტმა ისაუბრა.

"ჩვენი მთავარი მისია გლობალური ტექნოლოგიური ლიდერების აღზრდა გახლავთ. ამ თვალსაზრისით ვაპირებთ, რომ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ საქართველოს ტექნოლოგიური განათლების ტრანსფორმაციაში, რომელიც, როგორც ყველა ქვეყანაში, აუცილებელია ჩვენთანაც. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ლოგიკური გაგრძელებაა ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება. ეს არის სტრატეგიული პლატფორმა, სადაც განათლების და ბიზნესის სინქრონიზაცია რეალურადაა შესაძლებელი.

შედეგად, ჩვენი მხრიდან ბიზნესს მივცემთ კონკურენტუნარიან, ტექნოლოგიური მცოდნე ადამიანურ კაპიტალს და გლობალურად მოაზროვნე ლიდერებს, რომლებიც შეძლებენ ქართული ბიზნესის ინტერნაციონალიზაციას - მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით, ინვესტორებთან კომუნიკაციით და გლობალური სტანდარტებით ოპერირებით, რაც ქართულ ბიზნესს სჭირდება", - ამბობს თამარ კერძაია.

"სტივ ჯობს ამერიკული აკადემია" გლობალური საგანმანათლებლო ეკოსისტემის ნაწილია. როგორც აკადემიის პრეზიდენტი BMG-ის ეთერში განმარტავს, ეს აკადემიის მოსწავლეებს საერთაშორისო მობილობის პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევთ.

"ჩვენი პროგრამა ასზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. ის აღიარებულია Harvard School of Education-ის, ევროპული კომისიის მიერ და ოფიციალურად არის სერტიფიცირებული Google-ის და Microsoft-ის მიერ. ამ გლობალურ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროგრამები, ერთი მხრივ, საქართველოში ხორციელდება ქართველი "სტივჯობსელებისთვის", როგორც ჩვენ ვეძახით, თუმცა ამავე პროგრამებში შემოტანილია გლობალური კონტექსტი.

მაგალითად, ყოველწლიურად ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მობილობის პროგრამები. მაგალითად, შარშან T-Mobile-ს, უმსხვილესი ტელეკომ ოპერატორის ოფისში გაიარეს ინოვაციური მეწარმეობის კურსი, ვიყავით გერმანიაში. მარტში CERN-ის სამეცნიერო ექსპედიცია გვაქვს დაგეგმილი შვეიცარიაში, ასევე საფრანგეთში გაეროს დიპლომატიური ექსპედიცია და ზაფხულში უკვე მივემგზავრებით შტატებში - NASA უნდა დავლაშქროთ", - ამბობს თამარ კერძაია.

"სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის" ვებგვერდის თანახმად, სწავლის საფასური თვეში ₾350-ია, თუმცა მოსწავლეებს "სტივ ჯობსის ფონდიდან" 40%, 60% და 100%-იანი გრანტის მიღების შესაძლებლობაც აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები