ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე, რომელმაც 28 ნოემბერს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ოფისიდან გააცხადა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. "ეს დაპირება პირნათლად შესრულდება" - აცხადებს კობაციძე.
პრემიერის თქმით, 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ს და ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს დაპირება პირნათლად შესრულდება.
ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად, აშშ-ს, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რაც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ჩვენი ბრალი. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იყო სერიოზული, უხეში შანტაჟი. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შანტაჟი და უსამართლო, არაჯანსაღი მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა დასრულდეს და სწორედ ამას ემსახურებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რომელიც ჩვენ გავახმოვანეთ.
"საქმე შანტაჟის ნაცვლად, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას - არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად. ჩვენ ვართ ღირსეული ხალხი, ღირსეული ქვეყანა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში გვამყოფონ შანტაჟის და უსამართლობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოლდოვა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტებით. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ განვითარებული ქვეყანა, სადაც ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და 55% არის წინააღმდეგი. ეს არის ფაქტი. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა და ის არ შეერთებია სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. არის ასეთი ქვეყანა - კორუფცია, სუსტი ინსტიტუტები, დსთ-ს წევრი და მას ანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა. უხსნიან მოლდოვას მოლაპარაკებებს, საქართველოს არა. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქმე შანტაჟის ნაცვლად. სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად. ეს უნდა ვიხილოთ ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ურთიერთობების გადატვირთვა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთგულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, და ამით იქნება დაკავებული საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.