"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერს დაანონსებული პროტესტის წინ ამბობს, რომ მთავარი საზრუნავი მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირებაა. მან ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ფონზე, რომ კობახიძე ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის დაუსჯელ ფაქტებს იდენტიფიცირების შეუძლებლობით ხსნის, რა გაკეთდა ამ საკითხის მოსაგვარებლად და ასევე, როგორია მოწოდება პოლიციელების მიმართ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, კობახიძემ თქვა, რომ კონკრეტული მითითებები აქვთ სამართალდამცავ უწყებებს.
„ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულება. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ბუნებრივია, ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდება. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე ნუ იდარდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი ამ შემთხვევაში არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდეთ, რომ თუ წინა შემთხვევაში, ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით 3 პროცენტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დაანონსებული აქცია არ არის საზოგადოების პროტესტი.
"ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ჯგუფის პროტესტი. ხან 50, ხან 100, ხან მაქსიმუმ 150 კაცი იკრიბება, ერთი-ორჯერ 300-ს მიაღწია მათმა რაოდენობამ. ეს არ არის საზოგადოების პროტესტი, ხვალაც ნახავთ, რომ 100 000-ობით ჩვენი თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“. ეს არ არის საზოგადოების ნება, საზოგადოების ნება აისახება არჩევნებში და არა იმ 50 კაცის მიტინგში, რომელიც გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს, ეს არ არის საზოგადოების პროტესტი. რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, ეს არის ოქსიმორონი, ანუ ნონსენსი, თავისი არსით. არავითარი მშვიდობიანი რევოლუცია ბუნებაში არ არსებობს. რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობის გზით. ამიტომ თუ აანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, კეთილი ინებონ და დაელოდონ შესაბამის პასუხს სახელმწიფოს მხრიდან,“- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ მოძალადეების ადგილი ციხეშია და ეს ნახა ყველამ.
"ეს ყველაფერი აჩვენებს უსუსურობას, რაც სუფევს რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა, მიზანი დააანონსეს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მიზანი აქვთ განცხადებული, თუმცა თავადაც ვხედავთ, რომ ძალიან ეპარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში, აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, იაფფასიანი მუქარები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.
13 წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ ასეთი პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას, და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას“, - განაცხადა კობახიძემ.




























