“ჩვენი მთავრობა კვლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს ჰიდროენერგეტიკის გაფართოებას, ამასთანავე აჩქარებს ინვესტიციებს ქარისა და მზის ენერგიაში გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მიმზიდველი მარეგულირებელი ჩარჩოს მეშვეობით“, - ეს ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია მნიშვნელოვნად გაზარდოს შიდა განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება და გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება.
მან ასევე ისაუბრა "მწვანე ენერგიის დერეფნის" მნიშვნელობაზე: “საქართველოს ამბიციაა, წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით“.
ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის საკითხებს, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
მინისტერიალში მონაწილეობენ ეკონომიკისა მინისტრის მოადგილეები: ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.
მინისტერიალში მონაწილეობას ასევე იღებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრას ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი კრისტიან ბუსოი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება. დოკუმენტი სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.




























