მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მწვადისთვის ხალხი ვაკე-საბურთალოდან გლდანში გამოდიოდა“ – „დიდი ტახი“ ახალ ფილიალს ხსნის

6434062ac83f4
სალომე ხიდურელი
15.04.23 17:00
18627
„გვაქვს ისეთი მწვადი, რომლის მსგავსიც არც თბილისში და არც კახეთში არავის ექნება“ - სამწვადე, რომელიც გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე 2022 წლის ივლისში ფურგონში გაიხსნა, მომავალი კვირიდან ახალ ობიექტს საბურთალოზე გახსნის. ამის შესახებ BM.GE-ს „დიდი ტახის“ დამფუძნებელმა ლაშა ნონიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალი ფილიალი ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის 6 ნომერში განთავსდება და ერთდროულად 15-20 მომხმარებელს მოემსახურება. ნონიაშვილის განმარტებით, „დიდი ტახის“ გლდანის ფილიალი სტუმრების მიღებას კვლავ აგრძელებს, ორივე ფილიალის გაუმჯობესების შემდგომ კი ქსელის გაფართოებაზეც იფიქრებენ.

„სამწვადის გახსნის იდეა 2022 წლის მარტში გამიჩნდა. რა თქმა უნდა, იყო რაღაც სამწვადეები თბილისში, რესტორნებსაც აქვთ მწვადი მენიუებში, თუმცა იმით გამოვირჩევით, რომ არც ერთი მსგავსი ობიექტი ნედლ, ნამდვილ სოფლის ღორის ხორცს არ იყენებს. აქვთ ან გაყინული პროდუქტი, ან ფერმის ღორის ხორცი. მე ვიცოდი, კარგი ხორცი როგორ ჩამომეტანა კახეთიდან. ადგილობრივი გლეხებიც წავახალისეთ, რომ ჩვენთვის უფრო მეტი ღორი გაეზარდათ და რეალიზაციის პრობლემა არ ექნებოდათ.

გარდა ამისა, ვიცოდი, რომ ახალგაზრდები უფრო აიტაცებდნენ ამ კონცეფციას, თვითონ რესტორნის ვიზუალიც, რკინის კონსტრუქციაც ისეთია, მსგავსი თბილისში არ არის. ამიტომ არის ძალიან მაღალი მოთხოვნა ჩვენს მწვადზე, ხალხი ამ საცობების ფონზე ვაკე-საბურთალოდან გლდანში გამოდის ხოლმე“, - აღნიშნავს ნონიაშვილი.

„დიდი ტახის“ დამფუძნებელი BM.GE-სთან ბიზნესის მართვის სირთულეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ობიექტებს ხელშეწყობა, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან სჭირდება.

„ვფიქრობ, სახელმწიფო არ ითვალისწინებს, რამდენად მომგებიანი სექტორი ვართ მათთვის. მხოლოდ მარტის თვეში, ჩვენი ერთი ობიექტიდან ბიუჯეტში გადასახადების სახით 12 000 ლარი გადავრიცხეთ. ამის მიუხედავად თბილისის მერია ნებართვების გაცემაზე პრობლემას გვიქმნის: რამდენჯერმე შევიტანეთ განაცხადი ჩვენი მანქანის ლისის ტბაზე განსათავსებლად, რაზეც უარი მოგვივიდა და წესიერად ვერც აგვიხსნეს, რატომ.

გარდა ამისა, გამოწვევაა ისიც, რომ საქართველოში დაკლული ხორცი მთლიანად იბეგრება, მაშინ, როცა იმპორტული ხორცი არა, რის გამოც ჩვენნაირ ობიექტებს არ უღირს, ჯანსაღი სოფლის ღორი აიღოს. ურჩევნიათ, პროდუქტი არ დაებეგროთ და ფერმებისგან შეიძინონ. ამის გამო ჩვენ ფასის აწევა მოგვიწია, თუმცა მაინც სოფლის ღორის ხორცს ვყიდით“, - ამბობს ლაშა ნონიაშვილი.

„დიდი ტახის“ ახალი ფილიალის ინვესტიცია 60 000 ლარია, ობიექტი სტუმრებს მომდევნო კვირის ხუთშაბათიდან უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები