მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი პარტნიორები დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან" - მეღვინეობა "შუმი" აშშ-ს დაწესებულ 10%-იან ტარიფზე

შუმი

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 10%-იანი ტარიფის გამო, ჩვენი პარტნიორები დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან, - ამის შესახებ მეღვინეობა "შუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა, აკაკი ცოფურაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფები დაუწესა. მათ შორის საქართველოც მოხვდა. საბაზისო, 10%-იანი ტარიფით.

აკაკი ცოფურაშვილის ცნობით, კომპანია ღვინის ექსპორტს აშშ-ს ბაზარზე პარტნიორების დახმარებით ახორციელებს. პარტნიორებთან საუბრის შემდეგ კი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ღვინოზე რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და ამ ბაზარზე მათ ექსპორტს საფრთხე არ ემუქრება.

"ჩვენ გვქონდა მეღვინეობა "შუმის" პარტნიორებთან აშშ-ში საუბარი თუ როგორ აისახებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, საბაზისო ტარიფების ცვლილებები, რომელიც 5 აპრილიდან ძალაში შედის. გვაინტერესებდა, ჩვენი პარტნიორების აზრი ქართული ღვინის ექსპორტზე. პარტნიორები დამატებით დაწესებული ტარიფების გამო დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან და მიიჩნევენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოსთვის ტარიფის მატება ნაკლებია. ეს ჩვენს სამომავლო გეგმებს ამერიკის ბაზარზე რაიმე საფრთხეს არ შეუქმნის და საკმაოდ იმედიანად არიან განწყობილები", - ამბობს მეღვინეობის აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდა. ახალი ტარიფი არ ნიშნავს, რომ საქართველოს სრულ ექსპორტზე დაუწესდა აღნიშნული ტარიფები, რადგანაც აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი სია. სიაში შედის ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. თუმცა, საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ასევე, საექსპორტო ხუთეულშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები