ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე საზოგადოებაზე მორიგ ძალადობად აფასებს. ის პასუხისმგებლობას დე ფაქტო მთავრობას აკისრებს.
"ეს არის მორიგი ძალადობა საზოგადოებაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ეს არის რეჟიმის გამოვლენა, რომელიც ცდილობს, გავლენა მოახდინოს. ეს ძალიან უარყოფით და ცუდ შედეგს მოიტანს”, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ BMG-სთან.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პასუხი გაწონასწორებული და თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა იყოს.
"უნდა გავაგრძელოთ გაწონასწორებული, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, რათა ტერიტორიების დეოკუპაცია შევძლოთ. ”, - განაცხადა მან.
რუსლან აბაშიძის თქმითვე, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის დამსახურებაა ის შედეგი, რაც ქვეყანას ოკუპაციასთან ბრძოლაში აქვს.
"ვთანმხდებით, რომ ბოლო დეკადის განმავლობაში, ის შედეგი, რომელიც თანმიმდევრული პოლიტიკით არის მიღწეული, სახეზეა", - თქვა მან:
- რა შედეგია ეს?
- მშვიდობა და კანდიდატის სტატუსი.
- ანექსიის გაგრძელება მშვიდობაა?
- ანექსიას რატომ უკავშირებთ მშვიდობას?
- ომი ხომ მხოლოდ იარაღით ბრძოლა არ არის? ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ომი არ არის?
- კი, ომი და ოკუპაციაა. ამ სამშვიდობო პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გაწონასწორებული პოლიტიკით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას.