მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი პასუხისმგებლობაა, სწორი ზღვარი გაევლოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიურ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ მოიძიოს დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

„ჩვენ არ დაგვიანონსებია, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შევალთ პარლამენტში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ჩვენ უკვე გვაქვს და ხდება კიდეც მისი აღსრულება. ოღონდ „კონტექსტიდან ამოგლეჯილად“ დავარქვათ, უტრირებულადაც კი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოქალაქის საჩივრის საფუძველზე ხდება სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის, შსს-ს მხრიდან, სადაც შეიქმნება სპეციალური სამმართველო. სპეციალური სამმართველოს საქმიანობას ექნება პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი იმ მოქალაქის მიმართვა, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა. შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს პროაქტიურ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, უფლება ექნება, რომ თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევის ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა.

ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, მივაქციო ყურადღება, რომ აღსრულდეს კანონი, პროაქტიურ რეჟიმში. ჩემი პირადი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, დავაწესოთ და დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაევლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებსა და ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, ამავდროულად, ადამიანებმა უნდა შეძლონ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა, რაც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.

"მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველო იმოქმედებს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე და არ დაუშვებს, რომ აზრის გამოხატვა და შეურაცხყოფა იყოს ერთ თანაბარ წონად, თანაბარ მოვლენად მიჩნეული.

ერთი მხრივ, შსს, სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს, რომ პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყოს უგულებელყოფილი და მეორე მხრივ, ადამიანებმა შეძლონ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები