მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი პროდუქცია 14 დღე ძლებს, მაგრამ ქსელებიდან თანხები 50-60 დღეში გვერიცხება" - რა პრობლემები აქვს "პლანტას"?

პლანტა

"ქართული აგრო სახლი", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე "პლანტას" ბრენდით პოზიციონირებს და პრემიუმ სახლის ბოსტნეულს ყიდის, საცალო გაყიდვების ქსელების ე.წ. "ქეშბექების" და დაგვიანებული გადახდების პრობლემებზე საუბრობს. როგორც კომპანიის დირექტორი, გურამ კაკუშაძე "ფასების დროებითი საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე აღნიშნავს, გამოწვევები, რომლებზეც დღეს ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების მწარმოებლებმა ისაუბრეს, "პლანტას" დღის წესრიგშიც დგას.

"გარკვეულ ქსელებში ქეშბექი გვაქვს, ზოგან - არა. გადახდასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა ჩვენც გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად საშუალოდ 14 დღე ძლებს ჩვენი პროდუქცია, მაგრამ თანხის ჩარიცხვა რჩება 50-60 დღის განმავლობაში. [რაზეც სხვა კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს] ეს პრობლემები გვაქვს, თუმცა გაყინული თანხების - არა", - განაცხადა გურამ კაკუშაძემ.

გამოწვევებზე საუბრისას "ქართული აგრო სახლის" დირექტორი მიწოდების ჯაჭვის პრობლემებსა და საცალო ქსელების კუთვნილ ბრენდებთან კონკურენციის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ადგილობრივ წარმოებას ხელშეწყობა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

"ჩვენი ბიზნესი საკმაოდ მალფუჭებადია და უმნიშვნელოვანესია ცივი მიწოდების ჯაჭვი, სადაც აზრს კარგავს თუ მხოლოდ რამდენიმე რგოლია მოწესრიგებული და არა მთლიანად ჯაჭვი. და რეალური დანაკარგები ზუსტად ამ რგოლშია. განვითარებულ ქვეყნებში მოწესრიგებულია სადისტრიბუციო ცენტრები, სადაც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ყველა მაღაზიაში მივიტანოთ ჩვენივე დისტრიბუციით და როდესაც სიმჭიდროვე იზრდება, უფრო რთული ხდება მიტანა. თუ სადისტრიბუციო ცენტრები განვითარდა, ამით ეფექტური გახდება მიწოდებაც, დანაკარგებიც და განიტვირთება კიდეც ქალაქი.

რაც შეეხება ე.წ. "პიელებს" (PL - Private Label) ეს არის საკუთარი ბრენდი, რომელსაც ქსელები ქმნიან, ეს ტენდენციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ევროპაში ქსელების 30% თავიანთ ბრენდს ყიდიან. ჩვენთანაც პროგნოზირებულია მათი ზრდა. პიელის განსაზღვრება და შინაარსია, რომ მსგავსი პროდუქტი ვიზუალურად უნდა ჰგავდეს ყველაზე გაყიდვად პროდუქციას, ნაკლებ ფასად. იგივე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ადგილობრივი წარმოება, რადგან პიელიც გარდაუვალია და ქსელებიც უფრო დომინანტები გახდებიან, ჩემი აზრით, იმიტომ რომ კონსოლიდირება და ბაზრის ზრდა ორივე ნავარაუდებია. ახლა თუ 17 ქსელია ხვალ 4 ქსელთან მოგვიწევს ურთიერთობა და უფრო მსხვილებთან. იმისათვის რომ მეტად დაცულები ვიყოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც სხვა ქვეყნებშიც არის, არის გარკვეული კვოტები ადგილობრივი წარმოებისთვის, რომლებიც აქვს დასახული და რაღაც ქვეყანაში შეიძლება რაღაც პროდუქტი საერთოდ ვერც შეიტანო. ეს უნდა მოხდეს გონივრულად", - განაცხადა გურამ კაკუშაძემ.

ცნობისთვის, "ქართული აგრო სახლი" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაარსებული კომპანიაა. აღნიშნული ფონდის მთავარი აქციონერი და ბენეფიციარი მესაკუთრე კი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეა. "ქართული აგრო სახლის" გარდა, "პლანტას" წარმოებაში ჩართულია ასევე თანაინვესტირების ფონდის კომპანია - "საქართველოს სათბურის კორპორაცია", რომელიც 10 ჰა სასათბურე მეურნეობას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები