Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ წლიური ინფლაცია თებერვლიდან დაიწყებს შენელებას და პროცესი უფრო აჩქარდება მარტი-აპრილიდან.
ეკონომისტმა ინფლაციასთან დაკავშირებით "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროგნოზი საბაზო ეფექტს უკავშირდება იმ ორ კატეგორიაზე (სურსათი და ჯანდაცვა), რაც ფასების საერთო დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელია.
"იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია გაზრდილი არის 1.2%-ით და ამან მოგვცა ის, რომ წლიურ ჭრილში ინფლაცია არის 4.8%. ეს გაზრდილი არის დეკემბრის წლიურ ინფლაციასთან შედარებით, რომელიც იყო 4%. ეს ზრდა ძირითადად გამოიწვია კვლავ იმ ორმა კატეგორიამ, რაც მანამდე დომინირებდა, ეს არის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ასევე ჯანდაცვის კატეგორია. სურსათის კატეგორიაში ფასების ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნა არის, 10.6%-ით გაიზარდა იანვარში და ჯანდაცვის კატეგორიაში 8.3% დაფიქსირდა.
ჯგუფების მიხედვით რომ შევხედოთ, მნიშვნელოვანი არის ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ფასები და ჩვენ ვხედავდით, მაგალითად ბოლო პერიოდში, რომ შენელება იყო ბოლო თვეს, დეკემბერში ადგილობრივი ინფლაციის, თუმცა იანვარში ეს გაიზარდა 7%-მდე, წინა თვის 6.2%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ასევე დაჩქარებული არის შერეული საქონლის კატეგორია, სადაც ფასების ზრდის ტემპი არის 5.5%, ესეც გაზრდილი არის წინა თვის 4.1%-იდან. იმპორტირებული საქონლის ინფლაცია, სადაც ძირითადად არის ნავთობპროდუქტები, იქ ფასების კლება არის, დაახლოებით 0.1% არის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ვხედავთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი უკვე მესამე თვეა იყო შემცირებული, იანვრის მონაცემი ჯერ არ არის, თუმცა კლება იქნება იანვარშიც და ეს როგორ შეიძლება გადმოეცეს მაგალითად საქართველოში ფასების დინამიკას. თუ კარგად შევისწავლით ტრენდებს, როგორ მიყვება ჩვენი სურსათის ფასების ინდექსი FAO-ს სურსათის ფასების ინდექსს, დაახლოებით 5 თვე სჭირდება იმისათვის, რომ გარკვეული ასახვა ჰპოვოს. თუმცა ეს ასახვა არის სუსტი, ვიდრე ეს შეიძლება იყოს მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, სადაც უფრო ადრეც გადაეცემა, ანუ დაახლოებით 3-4 თვე არის იქ ეს გადაცემა და შესაბამისად კორელაციაც უფრო მაღალი არის. ანუ სომხეთში სურსათის ფასები უფრო კარგად მიყვება FAO-ს ინდექსს. იმიტომ, რომ ჩვენთან შესაძლოა ეს გარკვეულწილად სხვა ფაქტორებს უკავშირდებოდეს.
ჩვენი პროგნოზით, უკვე თებერვლიდან დაიწყება შენელება წლიური ინფლაციის. უფრო აჩქარდება ეს შენელება მარტი-აპრილიდან, იმიტომ რომ გარკვეული პროდუქტები, რომლებიც პოზიციონირებს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში, ასევე ჯანდაცვის კატეგორიაში, სწორედ აი ამ თვეებიდან დაიწყო შარშან ზრდა და შესაბამისად საბაზო ეფექტი ექნება, რის გამოც ზრდა მიმდინარე წელს სწორედ აი ამ თვეებიდან იქნება მნიშვნელოვნად შენელებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალო წლიური ინფლაცია მიმდინარე წელს იქნება 3%-ის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისი მაღალი ზრდის ტემპით დავიწყეთ",- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეზერვების დინამიკასა და გაცვლით კურსთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც.
"რეზერვები კვლავ განაგრძობს ისტორიული მაქსიმუმების მიღწევას. 6.3 მილიარდი ამერიკული დოლარი არის საერთაშორისო რეზერვები. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით ადეკვატურ დონეზე არის. 105%-ზე ცოტა ზემოთ არის და ეს მიდამო, ადეკვატურობის მიდამო არის 100-150%-ის ფარგლებში. რაც ნიშნავს იმას, რომ საგარეო შოკების განეიტრალება სავსებით შესაძლებელი არის აი ამ არსებული რეზერვებით. ოღონდ ერთჯერადი შოკების, განგრძობითი შოკის განეიტრალება რეზერვების ხარჯვით არ არის მიზანშეწონილი ზოგადად.
42%-ით გაიზარდა წლიურ ჭრილში ეს რეზერვები და რეზერვების ცვლილება უკავშირდება, ერთი რასაც ვხედავთ არის ოქროს ღირებულების ცვლილებას. ანუ ზოგადად დაემთხვა ახლა, რეზერვები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 141 მილიონით და შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ოქროს ცვლილებაც ზუსტად 141 მილიონი იყო და მხოლოდ ამან გამოიწვია რეზერვების ცვლილება, თუმცა ეს ასე არ არის. რადგან აქ ადგილი ჰქონდა დიდი ალბათობით შესყიდვასაც და რეზერვებში ზრდას ანეიტრალებს შემდგომ საგარეო ვალის მომსახურება, რომელიც აკლდება, ამიტომ ამას დავინახავთ 25 თებერვალს უკვე კარგად, როდესაც ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს თუ რა დონის შესყიდვა განახორციელა.
თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენცია აქვს. 2.69-ს ჩამოსცდა მცირედით და აი ამ ფონზე იყო რეზერვების ზრდა. გაცვლით კურსთან დაკავშირებით კიდევ მცირედით განვაახლეთ პროგნოზი, მცირედი გამყარება გვაქვს ჩვენს პროგნოზში. 2.70-დან ეს დაახლოებით 2.69-ის ფარგლებში არის მთელი წლის განმავლობაში და არ არის გამორიცხული კიდევ უფრო მეტი გამყარება ვიხილოთ ჩვენ მომდევნო თვეებში",- ამბობს ეკონომისტი.




























