მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი QR-კოდები 1300-მდე ფილიალში არის განთავსებული - Retain

Retain

მიმდინარე წელს, საქართველოში ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი - Retain-ი გაჩნდა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს და მათ მომხმარებლებს პროცესების გაციფრულებაში ეხმარება და პლატფორმას სთავაზობს, რომლის მეშვეობით უკუკავშირის დატოვება, სულ რაღაც ათ წამში, დისტანციურად შეიძლება.

Retain-ის ნოუჰაუ QR-კოდების გამოყენებას გულისხმობს, რომელთა დასკანერების შემდეგ, მომხმარებლებს უკუკავშირის დატოვება შეუძლიათ, რომელიც პირდაპირ კომპანიის მენეჯმენტთან მიდის. კომპანიებს კი, ეს ტექნოლოგია უკუკავშირის ერთ პლატფორმაზე მიღების საშუალებას აძლევს, რაც ბიზნეს გადაწყვეტილებებს მეტად ეფექტიანს ხდის.

როგორც Retain-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ლევან ჯაბუამ TECH INFORM-ში განაცხადა, კომპანიის ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო, ხოლო პლატფორმა მაისში გაეშვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არც თუ ისე დიდი დრო გავიდა, Retain-მა დადებითი შედეგის დაფიქსირება შეძლო, რადგან დღეს, კომპანიის QR-კოდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე 1300-მდე ფილიალში არის განთავსებული.

“აპლიკაცია მაისში გავუშვით და მას შემდეგ, ჯამში, 100-მდე კომპანიასთან ვპარტნიორობთ. მომხმარებელთა უკუკავშირი, მოგეხსენებათ, ყველას სჭირდება და ყველას აინტერესებს, შესაბამისად პარტნიორები სხვადასხვა სფეროდან გვყავს, ესენია: ავტოინდუსტრია, საფინანსო ინდუსტრია, ფარმაცევტული და საცალო სექტორები, სტუმარმასპინძლობის სექტორი და სპორტული დარბაზები. პარტნიორი და წარმატების ისტორია ყველა იმ მიმართულებით გვაქვს, სადაც მომხმარებლები ამ სერვისს კარგად იყენებენ.

დღეს, საქართველოში 1300-მდე ფილიალში ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფილიალებს ვგულისხმობ, სადაც მომხმარებლები ჩვენს QR-კოდებს ხედავენ და უკუკავშირს აგზავნიან”, - განაცხადა ლევან ჯაბუამ TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში Retain-ის მმართველმა პარტნიორმა კომპანიის სამომავლო გეგმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სულ მალე, ქართული სტარტაპი საზღვარგარეთ გაფართოებას დაიწყებს.

“თავიდან, როცა ეს ბიზნესი დავიწყეთ, ვთქვით, რომ საქართველო იქნებოდა ის ადგილი, სადაც ძალებს მოვსინჯავდით და პროდუქტს გავტესტავდით. ერთია, როცა მოლოდინი გაქვს და წარმოგიდგენია, აპლიკაციამ როგორ უნდა იმუშაოს, მაგრამ მეორეა, როცა რეალურ მომხმარებელთან მიდიხარ. ამ ექვსი თვის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ და პროდუქტი დავხვეწეთ, რადგან სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები, როგორც წესი, უკუკავშირის მიღების სხვადასხვა გზას იყენებენ - QR-კოდებს, ბმულებსა და კითხვარებს.

ახლა გაფართოებაზე ვმუშაობთ. შუა აზიაში, კერძოდ უზბეკეთსა და ყაზახეთში დაინტერესებული ადამიანები უკვე გვყავს და ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე ავსტრალიაშიც რამდენიმე პარტნიორთან გავეშვებით”, - აღნიშნა ლევან ჯაბუამ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები