მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის, რადგან მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილების გარეშე, ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია. მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება ბევრნაირად შეიძლება და ეს გზები, როგორც წესი, იმ ინდუსტრიაზე არის დამოკიდებული, სადაც ესა თუ ის კომპანია ოპერირებს. ბოლო წლებში კი, ამ პროცესში, კომპანიებმა სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყეს, მაგრამ ეს სერვისი სრულყოფილი არ არის.
საპირწონედ ამისა, მსოფლიოში აქტიურად ვითარდება უკუკავშირის მიღება QR-კოდების საშუალებით, რაც ამ პროცესს ამარტივებს და, რეალურად, კომფორტის კერას წარმოადგენს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვის.
მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით ოპერირება ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Retain-მა დაიწყო, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, სულ რაღაც ათ წამში, ქვეყნის და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან კომპანიას უკუკავშირი გაუზიაროს. როგორც Retain-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ჯაბუა TECH INFORM-ში ამბობს, მისი კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ მის მიერ დატოვებული უკუკავშირი დანიშნულების ადგილამდე მივა.
“ტექნოლოგიის განვითარება თებერვალში დავიწყეთ და პირველი ვერსიის შესაქმნელად დაახლოებით ორი თვე დაგვჭირდა, ხოლო მაისიდან გავეშვით და პარტნიორ კომპანიებს ვემსახურებით.
Retain-ის უკან რეალური ისტორია დგას, რომელიც პარტნიორებს თავს გადაგვხდა. წარმოიდგინეთ, მიდიხართ თქვენს საყვარელ კომპანიაში სერვისის ან პროდუქტის მისაღებად და უკმაყოფილო ხართ ან პირიქით - ძალიან კმაყოფილი და გინდათ, რომ ეს უკუკავშირი კომპანიას გააცნოთ.
მივხვდით, რომ ამისთვის ბევრი გზა არ არის - უკუკავშირის დატოვება შეიძლება სოციალური ქსელის მეშვეობით ან მენეჯერისთვის თქმით, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკუკავშირი, შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე არ მივიდეს. თან ამ თემაზე საუბარი ყველას კი არ სიამოვნებს, შეიძლება ადამიანს უკუკავშირის დატოვება ანონიმურად უნდოდეს.
აი, ასე შევქმენით Retain-ი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, სულ რაღაც ათ წამში, ქვეყნის და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან კომპანიას უკუკავშირი გაუზიაროს და დარწმუნებული იყოს, რომ ის დანიშნულების ადგილას მივა - კომპანიის სათავო ოფისში, სადაც კომუნიკაცია შუა რგოლების გავლის გარეშე არის შესაძლებელი”, - ამბობს ლევან ჯაბუა TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში Retain-ის მმართველმა პარტნიორმა ბიზნესის მეორე მხარეც მიმოიხილა და დეტალურად ახსნა, თუ რა დამატებით სარგებელს სთავაზობს ეს სერვისი პარტნიორ კომპანიებს, რომელთაც უკუკავშირის მიღება და მის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება სურთ.
“ჩვენი ტექნოლოგიის გაყოფა ორ ნაწილად შეიძლება. ერთია, რასაც მომხმარებლის მიერ ინიციირებულ უკუკავშირს ვეძახით, ანუ ფიზიკური QR-კოდები, რომელთაც კომპანიები საკუთარ ფილიალებში ათავსებენ. აი, მაგალითად, გვყავს პარტნიორი, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 102 ფილიალში QR-კოდი აქვს განთავსებული. მომხმარებელი ამ კოდს ასკანერებს და უკუკავშირს გზავნის, რასაც რამდენიმე წამი სჭირდება.
ეს უკუკავშირი, ცხადია, საჯარო არ არის - ის კომპანიის დეშბორდზე ჩანს, რომელთანაც წვდომა მხოლოდ კომპანიას აქვს. თუმცა სწორედ დეშბორდიდან მართავს კომპანია ყველა პროცესს - იქ არის ანალიტიკა და, რაც მთავარია, ინფორმაცია ლოკაციის შესახებ, ანუ კომპანიამ ზუსტად იცის, თუ რომელი ფილიალის რომელი მაგიდიდან მოიწერეს ეს უკუკავშირი.
ამ ტექნოლოგიის გარდა, ცხადია, მომხმარებლებს სრულ მხარდაჭერასაც ვთავაზობთ, მაგრამ პროცესმა გვაჩვენა ისიც, რომ მნიშვნელოვანია QR-კოდის დიზაინიც, რადგან მომხმარებლის ყურადღება სწორედ მან უნდა მიიზიდოს. ამიტომაც, გუნდი გვყავს, რომელიც პარტნიორი კომპანიებისთვის QR-კოდების დიზაინს ქმნის.
მეორე, რასაც კომპანიის მიერ ინიციირებულ უკუკავშირს ვეძახით - შეფასების გვერდია, რომელიც ბმულით ფუნქციონირებს და არა QR-კოდით. წარმოიდგინეთ, რომ კომპანიაში მიხვედით, სერვისი მიიღეთ და კომპანია გიგზავნით ბმულს მომსახურების შესაფასებლად. აი, ბარათი გაატარეთ და მესიჯად მოგივიდათ ბმული ან გზავნილი მიიღეთ და ჩაბარებისას შეტყობინება მოგივიდათ. ეს სერვისი ელექტრონულ კომერციაშიც გამოიყენება და ჩვეულებრივშიც, რადგან ბევრი კომპანიაა, რომელსაც მომხმარებელთან SMS-კომუნიკაცია აქვს.
გამოდის, რომ ერთ მხარეს, უკუკავშირის ინიცირება მომხმარებელს შეუძლია, მეორე მხარეს კი, თავად კომპანიას, მაგრამ ყველაფერი ეს თავს ერთ პორტალზე იყრის”, - აღნიშნა ლევან ჯაბუამ TECH INFORM-ში.
გაინტერესებს, როგორ მუშაობს QR-კოდი? მაშინ, ეს სტატია შენთვისაა.