QR-კოდი, ისევე, როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, ამომავალი მზის ქვეყნად წოდებულ იაპონიაში შეიქმნა. QR-კოდის შემქმნელად, ისტორიას მასაჰირო ჰარას სახელი შემორჩა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იაპონურ ტექნოლოგიურ კომპანია Denso Wave-ში ინჟინრად მუშაობდა და კოდირების ეს მეთოდი 1994 წელს განავითარა. QR-კოდი, თავდაპირველად, ავტომობილების ქარხნებისთვის შეიქმნა, რათა ინჟინრებს საწარმოო ხაზში მოძრავი ნაწილების კონტროლი გამარტივებოდათ, მაგრამ დღეს, QR-კოდებს ლამის ყველგან ვხედავთ, როგორც ბილბორდებზე, ასევე რესტორნებში და სპორტულ დარბაზებში.
თავისი არსით, QR-კოდი ორგანზომილებიანი კოდირებული სასაქონლო ნიშანი, იგივე შტრიხკოდია, რომელსაც გაცილებით მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია, ვიდრე ტრადიციულ, ერთგანზომილებიან შტრიხკოდებს, რომელთაც, როგორც წესი, სხვადასხვა პროდუქტებზე ვხედავთ. ამასთან, QR-კოდის დასკანერება, ანუ წაკითხვა, სხვადასხვა კუთხიდან და დისტანციიდან შეიძლება, რაც ამ ტექნოლოგიას მოქნილობას და შესაბამისად, პრაქტიკულობას სძენს.
QR-კოდის გამოსაყენებლად, სამი ნაბიჯის გავლა არის საჭირო, ესენია: კოდირება, სკანირება და გაშიფვრა, ანუ დეკოდირება.
პირველი ნაბიჯი - კოდირებაა, რომლის დროსაც, ინფორმაცია შავი და თეთრი კვადრატების გამოყენებით იშიფრება. გამომდინარე იქიდან, რომ კვადრატების თანმიმდევრობის არჩევა უსასრულოდ შეიძლება, QR-კოდი - უნიკალური გამოდის. ინფორმაციის მოცულობა კი, რომლის შენახვა ერთ QR-კოდზე შეიძლება, მის ზომაზე არის დამოკიდებული - მცირე ზომის QR-კოდი, მაგალითად, 100 სიმბოლომდე მოცულობის ინფორმაციას იტევს, ხოლო დიდი QR-კოდის შემთხვევაში, ეს მოცულობა 7089 სიმბოლომდე იზრდება.
მას შემდეგ, რაც QR-კოდი დაგენერირდება, მომხმარებელს მისი სკანირება, ანუ წაკითხვა შეუძლია. ამისთვის, ადრე, სპეციალური QR-სკანერები გამოიყენებოდა, მაგრამ დღეს, როგორც წესი, ეს ფუნქცია სმარტფონების კამერებში ავტომატურადაა ჩაშენებული. მას შემდეგ, რაც კამერას QR-კოდს მიუშვერთ, ის შავ-თეთრი კვადრატებში დაშიფრულ ინფორმაციას მის პირვანდელ სახეს უბრუნებს და კვლავაც მონაცემებად, ანუ დატად აქცევს.
დატა კი, როგორც ვიცით, არაფერია, თუ არა ბინარული რიცხვების კომბინაცია, ანუ აუცილებელია ეს მონაცემები მომხმარებლისთვის გამოსადეგ ფორმატში ტრანსფორმირდეს. თუ დაშიფრული ინფორმაცია, მაგალითად, ვებგვერდის ბმულს შეიცავს, მაშინ QR-კოდის დასკანერების შემდეგ, სმარტფონის ბრაუზერში, სწორედაც რომ ბმული გაიხსნება.
გამომდინარე იქიდან, რომ QR-კოდების ტექნოლოგია საკმაოდ მძლავრი და იაფია, მას ბევრ ინდუსტრიაში იყენებენ. ხშირად, QR-კოდებს შეხვდებით, როგორც ამანათებზე, ასევე მარკეტინგულ მასალებზე და ბილეთებზე. დღეს კი, QR-კოდების საშუალებით შეიძლება, როგორც თანხის გადარიცხვა, ასევე ბანკომატიდან ფულის გატანა და რესტორანში, აფთიაქსა თუ სპორტულ დარბაზში მიღებული მომსახურების შეფასება.
თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში, QR-კოდების გამოყენების გზები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.