მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს დასაკეცი ეკრანი?

fold

დასაკეცი ეკრანის ტექნოლოგია პლანშეტის ზომის დისპლეის ჯიბეში შენახვის საშუალებას იძლევა. ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი გიგანტური ეკრანის მქონე სმარტფონის ზომის განახევრება და მისი პრაქტიკულობის გაზრდა.

პირველი დასაკეცი სმარტფონი ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და ის Royole FlexPai იყო. მართალია, ეს პროდუქტი კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მან დაამტკიცა, რომ ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, დასაკეცი ეკრანის ტექნოლოგიას ნამდვილად ჰქონდა განვითარების პოტენციალი.

2019 წელს დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე Samsung-ი შევიდა, რომელმაც პირველი Galaxy Fold-ი წარმოადგინა. ამ დღიდან მოყოლებული თითქმის ყველა სხვა მსხვილმა კომპანიამ საკუთარი დასაკეცი სმარტფონის შექმნაზე დაიწყო მუშაობა და დღეს უკვე ბაზარზე ათამდე განსხვავებულ პროდუქტს ვხედავთ.

დასაკეცი ეკრანის მიღმა OLED ტექნოლოგია დგას, რომელიც ინდივიდუალური პიქსელების განათების და ჩაქრობის საშუალებას იძლევა. თავად ამ მოცემულობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან OLED-ეკრანი არ საჭიროებს უკანა ფონის განათებას, რაც პიქსელების პოზიციის შეცვლის საშუალებას იძლევა.

რეალურად, ამ ტექნოლოგიის პრაქტიკული შესაძლებლობა 2016 წელს ვიხილეთ, როდესაც Samsung-მა Galaxy S7 გამოუშვა, ამ სმარტფონს გვერდებში მომრგვალებული ეკრანი ჰქონდა.

OLED მატრიცის მქონე ეკრანს ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, თუმცა პრობლემას ეკრანის დამცავი ფირი წარმოადგენს. ტელევიზორისა თუ კომპიუტერის მონიტორისგან განსხვავებით, სმარტფონის ეკრანს ყოველდღიურად ხელით ვეხებით და მან აუცილებლად უნდა გაუძლოს მცირე ნაკაწრებს. საწყის ეტაპზე, დასაკეც ტელეფონებს შიდა ეკრანზე დამცავი ფირი ფაქტობრივად არ ჰქონდათ, თუმცა ახლა უკვე ეს პრობლემაც მოგვარებულია და თანამედროვე სმარტფონებში ულტრათხელ დრეკად მინას ვხედავთ, რომელიც ეკრანს დაზიანებისგან იცავს.

როგორც გითხარით, OLED ტექნოლოგიის დახმარებით ნებისმიერი ფორმის ეკრანის შექმნაა შესაძლებელი, ამიტომაც არ იქნება გამორიცხული, რომ მომავალში არა მარტო დასაკეცი, არამედ დასახვევი და გასაჭიმი მოწყობილობებიც ვიხილოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები