ინტერნეტი ერთმანეთთან დაკავშირებული ციფრული მოწყობილობების ერთობლიობაა, რომელიც დეცენტრალიზებულია და მისი განკარგვა ერთი აქტორის მიერ ფაქტობრივად შეუძლებელია. ქსელში ჩართული მოწყობილობები ერთმანეთთან ინფორმაციის მიმოცვლის უნივერსალური მეთოდით ურთიერთობენ, ინფორმაციის ერთეულს კი პაკეტს უწოდებენ.
მოწყობილობებს შორის ურთიერთობაში ორ ძირითად აქტორს ვხედავთ - კლიენტსა და სერვერს. კლიენტი იგივე მომხმარებელია, რომელიც კომპიუტერით, სმარტფონით ან სხვა მოწყობილობით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. სერვერი კი კომპიუტერული მოწყობილობაა, რომელშიც აპლიკაციები, ვებგვერდები და კონტენტი ინახება.
როდესაც კლიენტი ვებგვერდზე შედის, ამ დროს სერვერი მას მოთხოვნილი ვებგვერდის ზუსტ ასლს უგზავნის, რომელთან ინტერაქციაც კლიენტს სურვილის შესაბამისად შეუძლია.
კონტინენტებსა და სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის ინტერნეტის გადაცემა წყალქვეშა კაბელების და შიდა ინფრასტრუქტურის დახმარებით ხდება, რომელიც მილიონობით კილომეტრზე ვრცელდება. ქვეყნის შიგნით ინტერნეტის განაწილებას სატელეკომუნიკაციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომელთაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ მოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტი და საკაბელო ინტერნეტი სერვერებთან დასაკავშირებლად განსხვავებულ ტექნოლოგიასა და მეთოდებს იყენებენ, თუმცა საბოლოო შედეგი მომხმარებლისთვის მაინც იდენტურია. აგრეთვე არსებითად განსხვავებულ ტექნოლოგიას იყენებს SpaceX-ის Starlink-ი, რომელიც ინტერნეტის გადასაცემად არა საკაბელო ქსელს, არამედ სატელიტებს და მიმღებ დანადგარებს იყენებს.