მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი სამხედრო ტექნიკის მომხმარებლები უნდა იყვნენ ქვეყნის გარეთაც - თავდაცვის მინისტრი "დელტაზე"

ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა "დელტას" საქმიანობის შესახებ BMG-ის კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ქართული სამხედრო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სამხედრო ტექნიკა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ უცხოეთის ბაზრებზეც იყოს ორიენტირებული.

ჩიქოვანის თქმით, ამ შემთხვევაში სამხედრო მრეწველობა უფრო მაღალ მდგრადობას მოიპოვებს. თუმცა ახალ მინისტრს კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები არ დაუსახელებია.

“დელტა" არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. სამხედრო სამრეწველო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ასპექტიდან გამომდინარე. ერთი მხრივ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად და იაფად მივაწოდოთ სხვადასხვა ტექნიკა. მე საპარლამენტო მოსმენაზეც ვთქვი რომ ჩვენი სამხედრო წარმოება იყოს კონკურენტუნარიანი და ამის მომხმარებლები იყვნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, შესაბამისად იმისთვის, რათა მდგრად სამხედრო წარმოებაზე ვისაუბროთ უნდა იყოს მოხმარების ბაზარი,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრმა “დელტას” შემადგენლობაში არსებული სამკერვალო საწარმო “დელტა ტექსტილის” შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ამ სამკერვალოს მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით ხარისხობრივი კითხვები მისი ინფორმაციით არ ყოფილა.

“რაც შეეხება კონკრეტულად დელტა ტექსტილის საქმიანობას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დელტა ტექსტილთან მიმართებით ხარისხის პრობლემა არ ყოფილა. იმედი მაქვს რომ ასეც გაგრძელდება, თუმცა წინასწარ ხელაღებით ვერ ვიტყვი სანამ არ შევისწავლი,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სამხდერო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ია. კომპანია აწარმოებს ჯავშანტექნიკას, არტილერიას, მსუბუქ ქვეითთა შეიარაღებას და ნაღმებს. ამასთან, “დელტას” დაქვემდებარებაშია სახელმწიფო სამშენებლო კომპანია “დელტა მშენებელი”, რომელიც ჯარისკაცებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ასევე სამკერვალო ფაბრიკა დელტა ტექსტილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები