მედიაში ვრცელდება პლანეტის უმსხვილესი კომპანიის, NVIDIA-ს დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის სიტყვები, რომელიც ჯენსენ ჰუანგმა კომპანიის მენეჯმენტს გაუზიარა.
ჰუანგის თქმით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში NVIDIA-ს ოდნავ მაინც ცუდი შედეგები რომ დაეფიქსირებინა, მსოფლიო დაიქცეოდა და გლობალური საფონდო ბირჟა ჩამოიშლებოდა.
როგორც ჰუანგი ამბობს, AI-ბუშტის არსებობის გარშემო ახლა ისეთი პანიკაა, რომ NVIDIA-ს ფინანსურ შედეგებში ოდნავი მაინც ჩამორჩენა რომ ჰქონოდა, ეს გლობალური ბაზრიდან რამდენიმე ტრილიონის აორთქლებას გამოიწვევდა – ამიტომ კომპანიას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში NVIDIA-მ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რეკორდული შემოსავლები მიიღო, მოგება 65%-ით, $32 მილიარდამდე გაზარდა, თუმცა მისი აქციების შეფასება მაინც 3.2%-ით შემცირდა, რაც სხვა თანაბარ პერიოდში შეუძლებელი იქნებოდა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი შიში სუფევს ამჟამად საფონდო ბირჟაზე.



























