მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი შოურუმი კომპანიის რებრენდინგის გამო დავხურეთ“ – „პარაისო“

პარაისო

ქალის ტანსაცმლისა და უნიფორმების მწარმოებელმა სამკერვალომ „პარაისო“ თბილისში რამდენიმე წლიანი ოპერირების შემდეგ თავისი შოურუმი დახურა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი თეონა ფერაძე BM.GE-სთან აცხადებს, ამის მიზეზი კომპანიაში მიმდინარე რებრენდინგია.

„შოურუმი მიცკევიჩის ქუჩაზე გვქონდა, თუმცა კომპანიაში რებრენდინგია და, ამ ეტაპზე, ეს ადგილი ჩვენთვის მომგებიანი აღარ არის“, - ამბობს „პარაისოს“ დამფუძნებელი.

რებრენდინგის მიუხედავად ბრენდი ქალის ტანსაცმლისა და უნიფორმების წარმოებას განაგრძობს. თეონა ფერაძის თქმით, წლის განმავლობაში, სამკერვალოდან 300 000 ცალი პროდუქტი ეშვება რეალიზაციაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას: „თუმცა მომავალი წლიდან ექსპორტსაც დავიწყებთ და ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია“.

დამფუძნებლის შეფასებით, „პარაისოს“ ტანისამოსზე მოთხოვნას მათი ფასები განაპირობებს.

„მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ჩვენს ტანსაცმელზე, უბრალოდ ფასია ამ ყველაფრის განმსაზღვრელი და ჩვენც საკმაოდ მისაღები ფასები გვაქვს.

ჩვენს ტანსაცმელზე ფასები 39 ლარიდან იწყება და 150-მდე მერყეობს, ზამთარში კი, მაგალითად, პალტოები, შესაძლოა 200-ლარამდე ღირდეს“, - ამბობს ფერაძე.

გამოწვევებზე საუბრისას „პარაისოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქსოვილების შეზღუდული არჩევანი საწარმოო ხარჯებს ზრდის.

„ქსოვილები დიდი პრობლემაა ჩვენთვის. ხშირად პრინტები, რომლებიც გვჭირდება, არ იშოვება საქართველოში, გემოვნებიანი ქსოვილებიც ნაკლებადაა და თავად გვიწევს რაღაცების დამზადება - ეს ყველაფერი ფასსაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, მუდმივად გვაქვს გამოცდილი კადრების მოძიების პრობლემაც“, - აცხადებს თეონა ფერაძე.

„პარაისოს“ საწარმო 2016 წელს გაიხსნა და დღემდე ტანსაცმლის წარმოებაში 15 ადამიანია ჩართული. მათი კოლექციის შეძენა როგორც ონლაინ, ასევე მათ სამკერვალო ატელიეშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები