ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მოლოდინია, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო აეროპორტებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის საოპერაციო არეალი გაფართოვდება. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც პრემიერის მიერ 12 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
საქმე ისაა, რომ პრემიერის თქმით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარების მიზნით, მთავრობას 400-500 მლნ დოლარის ინვესტირების მოლოდინი აქვს. ღარიბაშვილს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს.
მარიამ ქვრივიშვილი კი ამბობს, რომ პრემიერმა, პირველ რიგში, იმ სტანდარტების განვითარებაზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს აეროპორტებს სჭირდებათ, თუმცა ინვესტიციის დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ „ამ ეტაპზე ამ სიღრმეებში არ შევა“.
„ტურიზმი და ავიაციის ინდუსტრია ქვეყანაში ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიებია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული საავიაციო თუ ტურისტული ინფრასტრუქტურა მიჰყვებოდეს ან უსწრებდეს იმ განვითარების ტემპს, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვქმნით.
საერთაშორისო აეროპორტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ-საავიაციო ინფრასტრუქტურაში. ჩვენი მოლოდინი, სურვილი და მიზანია, რომ სამივე საერთაშორისო აეროპორტი უმაღლესი სტანდარტების მქონე იყოს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც შიდა და საერთაშორისო მგზავრებს გააჩნიათ.
გვაქვს მოლოდინი, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და გავაფართოებთ საოპერაციო არეალს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის კარგოს მიმართულებით, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო გადაზიდვის ბიზნესის განვითარება ჩვენს ქვეყანაში მზარდია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები სამივე აეროპორტში შევქმნათ. პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნებიდან გამომდინარე ისაუბრა. ჩვენ ამ მიზნებისთვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით წარმოდგენილი გვაქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამტარუნარიანობა, რომ თითოეულმა აეროპორტმა მიიღოს მეტი მგზავრი ტერმინალში, ისევე როგორც ტერმინალს გარეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ „ტავ ჯორჯიასთან“ აეროპორტების მართვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია არ ჰქონდა.