“ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ფრენები ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ, მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელს ტრანზიტული გზით საქართველოსა და აშშ-ს შორის დაფიქსირებული მგზავრთნაკადი ამერიკული ავიაკომპანიების დაინტერესებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
“ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, პლატფორმას, შეხვედრასა და კონფერენციას იმისთვის, რომ გვქონდეს მოლაპარაკებები ამერიკულ ავიაკომპანიებთან. მუდმივად ვაწარმოებთ ანალიტიკას, თუ რა მგზავრთნაკადზე გვაქვს საუბარი.
2023 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის 75 ათასზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა ტრანზიტული გზით. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ბაზისი და წინაპირობაა იმისთვის, რომ ამერიკაში ოპერირებადი ავიაკომპანიები საქართველოს ტურისტული და საავიაციო ბაზრით დავაინტერესოთ. ასევე, ვხედავთ, რომ მზარდია ტურისტული ნაკადი ამერიკიდანაც, რისთვისაც ჩვენ მუდმივ მარკეტინგულ აქტივობებს ვახორციელებთ აშშ-ში”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა, აშშ-სთან პირდაპირი ფრენების საკითხს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რის გამოც ფრენების დასანიშნად ორმხრივი ძალისხმევაა საჭირო.
“ რა თქმა უნდა, პირდაპირ ფრენებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა და ღირებულება. მნიშვნელოვანია, რომ მათგანაც გვქონდეს მხარდაჭერა, რომ ორი ქვეყნის საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ და მივიღოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულ ავიაკომპანიებთან (United Airlines, Delta Airlines, American Airlines) შეხვედრები ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, შემდეგ აღნიშნულ საკითხზე პროგრესი აღარ ყოფილა. საქართველოს ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი, უკვე რამდენჯერმე გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას.