მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

64808ea5725a5
ლიკა მეგუთნიშვილი
08.06.23 00:00
603
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში "მოგულსისა" და "სქი-ქროსის", ხოლო გუდაურში "სნოუბორდ ქროსის" დისციპლინებში ჩატარდება.

ჩასატარებელი მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში, გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მაღალი რანგის დელეგატები: კლაუს ვალდნერი, უვე ბაიერი და ალბერტო სკიავონი ეწვივნენ, რომლებიც კონკრეტულ საშეჯიბრო არეალებს შეარჩევენ.

„მოხარული ვართ, რომ წარმატებული ჩემპიონატის შემდეგ ჩვენ საქართველოში კვლავ დავბრუნდით და თქვენი ქვეყანა ჩვენს გრძელვადიან კალენდარში მოინიშნა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ორ მნიშვნელოვან კურორტზე არაერთი საინტერესო შეჯიბრება გაიმართება, რასაც მოუთმენლად ველით“, - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატმა, უვე ბეიერმა.

როგორც „მთის ტრასების სააგენტო“-ში ამბობენ, FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი მიმდინარე წელს ბაკურიანში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა განაპირობა. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური და ბაკურიანი, ყოველწლიურ კალენდარში ისეთ წამყვან ქვეყნებს შორის მოხვედრილიყო, როგორიც არის: შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ, კანადა და ა.შ.

„გუდაურის სახით ახალი ლოკაცია დავაანონსეთ. ჩვენ უკვე ჩავატარეთ იქ ინსპექტირება, დღეს კი ტექნიკური ინსპექტირებისთვის მივდივართ. როგორც ჩვენ, ასევე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო თასებს უმასპინძლოს. თებერვლის დასაწყისში გუდაურში "სნოუბორდ ქროსის" ჩემპიონატი გაიმართება და ვიმედოვნებთ, როგორც ამ ჩემპიონატში, ისე მომავალში სხვა ღონისძიებებს წარმატებით ვუმასპინძლებთ“, - აცხადებს „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი, ირაკლი ბურჭულაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი კი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონის მსოფლიო ეტაპების მასპინძლობისთვის წელს გუდაურში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ბაკურიანი ინფრასტრუქტურულად სრულ მზადყოფნაშია. მეორეს მხრივ კი, ის ინსპექტირებები რაც გუდაურში ჩატარდა აჩვენებს, რომ ეს კურორტიც უკვე მზადაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლოს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წელს გუდაურში ორი ახალი ინფრასტრუქტურა დაგვემატება, ესენია: ახალი საბაგირო ხაზი და ხუთკილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა“, - აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები