„ჩვენი სურვილია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ მწვანე ენერგეტიკულ სატრანზიტო და საექსპორტო ჰაბად, რაშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი ენიჭება რეგიონულ თანამშრომლობასაც“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ განაცხადა.
ის ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის და სხვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნების განვითარების პროექტებზე.
„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინგა ფხალაძის თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის მხოლოდ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება არ არის.
„ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი, გავაძლიეროთ მომხმარებელთა უფლებები, წავახალისოთ ინვესტიციები და საქართველოს ენერგეტიკული სისტემა მოვამზადოთ უფრო ფართო ევროპულ სივრცესთან დასაკავშირებლად. ამ გზაზეც მარეგულირებლის როლი განსაკუთრებულია და დღევანდელი ფორუმის საქართველოში ჩატარებაც, გარკვეულწილად, სწორედ ჩვენი მზაობის გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ ენერგეტიკული ტრანსფორმაციის რიგითი მონაწილე, არამედ ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს წინაშე სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ამოცანები დგას.
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან. ამ პროცესში კი, ცხადია, ფუნდამენტურია რეგულირების როლი. ენერგეტიკული ტრანსფორმაცია დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების ერთობლიობა. განახლებადი ენერგიის სწრაფი განვითარება, ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაცია, ენერგიის შემნახველი სისტემები, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი - ეს ყველაფერი ერთად ქმნის ახალ ტექნოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ ისაუბრა არსებულ რეალობაში მარეგულირებელი ორგანოების როლსა და ენერგეტიკის სექტორის დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების მნიშვნელობაზე.
„ნამდვილი ტრანსფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც ახალი სიმძლავრეები დაკავშირებულია ძლიერ ქსელთან, ინვესტიციები - პროგნოზირებად წესებთან, ბაზრის განვითარება - სამართლიან კონკურენციასთან, ხოლო ენერგეტიკული პოლიტიკა - მომხმარებლის ინტერესებთან, რაც დამოუკიდებელი და პროფესიონალური რეგულირების გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი თბილისში სემეკის ორგანიზებით იმართება - ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირების მონაწილეობით.























