"ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს "სამშვიდობო ხედვა ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან". როგორც მან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიუყვება მთავრობა.
„ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამშვიდობო ხედვა ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს ხედვა მუშაობს, ვინაიდან ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ.
"თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან მოყოლებული 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ ყურადღების კონცენტრირებას. ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში“, - განაცხადა მან.




























