„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საჯარო და ზოგადად საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზირება“, - ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ ვალდებულებები, ისინი დაფინანსებას იღებენ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს. შესაბამისად, სამინისტრო მათ დაუყოვნებლივ მოუწოდებს, რომ აღადგინონ სასწავლო პროცესები და მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულებების შეასრულონ.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფო, უზრუნველვყოფთ და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ერთის მხრივ არ შევიდეს პოლიტიკა ჩვენი მხრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ, დავიცვათ საგანმანათლებლო სივრცე პოლიტიკისგან, რომ პოლიტიკა არც ოპონენტებისგან არ შევიდეს სკოლებში და უნივერსიტეტებში. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ვალდებულება და უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაც. ანუ განმახორციელებელი ინსტიტუციების ვალდებულებაა უნივერსიტეტებისა და სკოლების, რომ მათ უზრუნველყონ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად. ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესში და მეორეს მხრივ, ისე როგორც გათვალისწინებულია ხელშეკრულებებში საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლები და უნივერსიტეტებიც ზუსტად იმიტომ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეს პროცესი შეუფერხებლად, იღებენ დაფინანსებას და ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ამ პროცესის შეფერხება ამ ვალდებულების დარღვევაა და არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული. პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულებების შესრულება გააგრძელონ“,- ამბობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.