მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა, რაც უნდა იყოს მშპ-ს 2,5% და ზემოთ - ლადო კახაძე

ლადო კახაძე

ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა, ექიმისა და ექთნის პროპორციის აღდგენა და პროფესიული საზოგადოების აზრის გათვალისწინება - ამ გამოწვევებზე მუშაობას ურჩევს დეპუტატი ლადო კახაძე ყოფილ კოლეგას, ჯანდაცვის ახალ მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე bm.ge-სთან აცხადებს, რომ თუ ჯანდაცვის დაფინანსება გაიზრდება, შესაძლებელი გახდება მათ შორის DRG-ში ისეთი მიმართულებების დაფინანსება, რაზედაც კერძო სექტორი საუბრობს.

„ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის უშუალოდ ჯანმრთელობის ბიუჯეტის გაზრდა, ეს უნდა იყოს მშპ-ს არანაკლებ 2,5% და ზემოთ. ამას ვამბობ ცალსახად, იცით რატომ? სისტემას არ აკლია გონიერი ექიმები, წვდომა ახალ ინფორმაციაზე, სისტემაში მოდის კადრი, რომელიც მზაობას აცხადებს პათოლოგიას შეებრძოლოს, ამას უნდა მხარდაჭერა. ეკონომია ამ კუთხით არ ივარგებს, ეს არის დიდი გამოწვევა.

მას [მიხეილ სარჯველაძეს] აქვს ერთი კარგი თვისება, რომ რაც მედიცინაში ფასობდა, ის დაბრუნდეს - კონსილიუმის თემა, თავი მოუყაროს ექიმების პოტენციალს, სამედიცინო ასოციაციების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო გამოცდილება, უცხოელი დონორები, პაციენტთა ორგანიზაციები, რამდენია ხომ?! მათ შორის კოორდინაცია და კონცენტრირება, თემის გამოტანა და ამისი შეხიდება, ყველას აზრის გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი, რაც რთული თემაა.

ასევე აღსადგენია ექიმისა და ექთნის პროპორცია, რაც ურთულესი თემაა. ის კოეფიციენტი, რომ ერთ ექიმზე 4 ექთანი იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ძალიან ჩამოვრჩებით.

DRG არის შესანიშნავი მიგნება. ამ სისტემის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა მისასალმებელია, თუმცა რომ ვთქვი, რომ ჯანდაცვის დაფინანსება როგორც კი 2,5%-ს და ზემოთ გადააჭარბებს, უფრო ადვილი გახდება DRG -ში გათვალისწინება შემდეგი რამის: კომბინირებული დაავადებები, გართულებების, რომელიც არ უნდა დააწვეს ტვირთად პაციენტს და არ უნდა იყოს მოულოდნელი სისტემისთვის. ამ შემთხვევაში საჯილდაო ქვა არ უნდა იყოს დაფინანსება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის“,- აცხადებს ლადო კახაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები