ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მოდელი საკმაოდ კარგ ეტაპზეა და არსებული გამოწვევების დასაძლევად მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
BMG-ის კითხვაზე, როდის იქნება კლასიკური მოდელის DRG და გადაიჭრება სექტორის მიერ დასახელებული გამოწვევები, მათ შორის კლინიკებისთვის დაფინანსების დროულად ჩარიცხვასთან დაკავშირებით, სარჯველაძე აცხადებს, რომ მოქმედი მოდელი კლასიკური გაგებით DRG-ია და სხვა ალტერნატივა არ აქვს.
“თითოეულ საკითხს, რაც შეიძლება კლინიკებისთვის, ექიმებისთვის აქტუალური იყოს, გულისყურით ვისმენთ, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ეს უკავშირდება ცალკეული საკითხების ახლებურად რეგულირებას. DRG არ არის ისეთი რამ, რომელიც შეიძლება გარკვეულ სრულყოფილებამდე მიიყვანო და აღარ საჭიროებდეს გადახედვას. პირიქით, ეს უნდა იყოს მუდმივად ცოცხალი პროცესი იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ტექნოლოგიები, ისე ზოგადად მედიცინის მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ უნდა იყოს რელევანტური დაფინანსების მოდელები. ამიტომ, პირადად მე მგონია, რომ DRG მოდელი საკუთარი განვითარების საკმაოდ კარგ ეტაპზეა და რა თქმა უნდა, ექვემდებარება განვითარებას. არაერთი გამოწვევაა, რომელსაც ვუპასუხებთ, იქნება ეს კომბინირებული ოპერაციების დაფინანსების მეთოდი, რომელიც DRG-ის ერთ-ერთი კომპონენტია და შესაბამისად, იქნება გარკვეული ცვლილებები. ვმუშაობთ, როგორ შეიძლება დარეგულირდეს სამართლიანად და იმავდროულად არ ტოვებდეს საშუალებას გარკვეული მაქინაციებისთვის, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონია”,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
მისივე თქმით, კლინიკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებში გაყალბების ნიშნები ყოფილა და ამიტომ, შემოწმების პროცესი, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კლინიკების ნაწილის განცხადებებს, რომ დაგვიანებული ჩარიცხვების გამო, კრიზისულ სიტუაციაში არიან. მინისტრი პასუხობს, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში არსებული მოდელი კლინიკებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ვადების ოპტიმიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.
“ჩარიცხვების ოდენობას და საკითხებს რაც შეეხება, ესეცაა ჩვენი ინტერესის საგანი, რომ ვადები რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს. შემოწმების პროცედურები ასაბუთებს ხანგრძლივი ვადების არსებობის საჭიროებას, თუმცა ამის მიუხედავად ვმუშაობთ, რომ ვადები ოპტიმალური იყოს. არავის აქვს საფუძველი, რომ თითქოს ისეთ გარემოებებთან გვაქვს საქმე კლინიკების დაფინანსების შემთხვევაში, რომ რომელიმე მათგანს ეგზისტენციალური რისკი ექმნებოდეს. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ამ ჩარიცხვების პირობებში, მოახერხებენ სწორად ფუნქციონირებას, როგორც დიდი ნაწილი ახერხებს კიდეც”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.