მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG-ის განახლებისთვის სტაბილური ინსტრუმენტების შექმნას ვგეგმავთ - ჯანდაცვის მინისტრი

DRG

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ იგეგმება სტაბილური ინსტრუმენტების შექმნა DRG მოდელის განახლებებისთვის. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მეთოდის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, მინისტრმა არ დააკონკრეტა რა ინსტრუმენტების შექმნაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ის დაეხმარება მოდელის სისტემურად გაუმჯობესებას.

მისივე თქმით, გამოწვევებს შორისაა კლინიკებისთვის ანაზღაურებების გაცემის მოქნილი მექანიზმის საჭიროება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„პირველი, რა თქმა უნდა უნდა აღვნიშნო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც გატარდა და ეხება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას, ე.წ. DRG ეს იყო გასული წლის უმთავრესი და ამასთან, აუცილებელი სიახლე იყო. ეს არის სისტემა, რომლის იდეაც არის შემდეგი: ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება არა იმის მიხედვით, რომელ კლინიკას რა ფასი აქვს, არამედ ერთგვაროვნად ყველასთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ ეს არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა და ამის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ის, თუ რატომ იყენებს იგივე მოდელს შეერთებული შტატებიდან დაწყებული ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობით დამთავრებული. დაინერგა ეს მეთოდი საქართველოშიც, რაც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას. ცხადია ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას არსებობს გამოწვევები. ამ თემებზე სამუშაოდ ჰქონდა ძალიან კარგი ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს. ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა შეხვედრები, სადაც განიხილება DRG-ს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და რეფორმის შემდგომი ეტაპები და გეგმები.

DRG-ს დანერგვა ნიშნავს კიდეც იმას, რომ მისი სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას. ამ მიზნით ვგეგმავთ სტაბილური ინსტრუმენტების შექმნას იმ მიზნით, რომ ამგვარი აუცილებელი განახლებები და გაუმჯობესებები ხორციელდებოდეს სისტემურად და ამისთვის არსებობდეს ერთგვარი ინსტიტუციური ჩარჩო და მოწყობა. გამოწვევებს შორის უნდა დასახელდეს კლინიკებისთვის ანაზღაურებების გაცემის მოქნილი მექანიზმის დანერგვის საჭიროება და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია, მუშაობა, რომელიც პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მინისტრმა.

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები