ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დარგთან კომუნიკაციის შედეგად, DRG მოდელთან დაკავშირებით ბევრი პრობლემის გამოაშკარავება ხდება და მათი ჩართულობით განიხილება, რა შეიძლება იყოს გამოსავალი.
მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, ის გამოწვევები დაასახელა, რომლებიც მოდელთან მიმართებით გამოიკვეთა.
„ვეუბნებით, ჩვენ რა გვაქვს საფრთხილო, ისინი - რა აქვთ საწუხარი და როგორი შეიძლება იყოს ოპტიმალური გამოსავალი. ჩამოვთვლი, რა არის გამოკვეთილი პრობლემები. პირდაპირ ვამბობთ, ჩვენ გვაქვს პრობლემა, როდესაც DRG მოდელით ან ნებისმიერი სხვა მოდელით, კლინიკა შეასრულებს მომსახურებას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გადახდაზე, ამას სჭირდება შემოწმების პროცესის გავლა, რომ არ ხდებოდეს არაკეთილსინდისიერი მონაცემების წარმოდგენა, დაფინანსების ხელოვნურად გაზრდა და ა.შ. ამ შემოწმების პროცესს საკმაოდ დიდ დროს ვანდომებთ. ეს არის მიმართულება, რაზეც დაწყებული გვაქვს მუშაობს და გვაქვს იდეები, რომელზეც დარგთან კონსულტაციების პროცესში გამოვბრძმედავთ გადაწყვეტას, რომლის შედეგადაც მაქსიმალურად შევამჭიდროვებთ ვადას. ამ კუთხით კლინიკების პრეტენზიები სამართლიანია.
DRG-ის პრინციპი ასეთია, დიაგნოზის მიხედვით ხდება კონკრეტული დაავადებების დაჯგუფება და სახელმწიფო ამბობს, რომ ამ ავადმყოფობის მკურნალობას სჭირდება ამდენი თანხა და ნებისმიერ კლინიკას, რომელიც გასწევს მკურნალობას, ავანაზღაურებ. ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვა. ჩვენი ქვეყანა არაა უნიკალური, ეს პრობლემები სხვაგანაც იბადება. სექტორიც ვითარდება, ფასებიც იცვლება, სულ სჭირდება DRG მოდელს გადახედვა. რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება სურვილი, რომ მეტი იყოს დაფინანსება, თუმცა ბუნებრივია აქ დაბალანსებული მიდგომები გვჭირდება. მთავარი მიდგომა ეს არის, პაციენტის უფლება. ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაღალხარისხიანი სერვისი.
გამოითქმის მაგალითად უკმაყოფილება რეანიმაციული სერვისების დაფინანსების ოდენობაზე. აქ მინდა ავხსნა, რომ მოდელის ცვლილებას შეუძლია კლინიკების მიდგომა შეცვალოს. თუ საწოლ-დღეებზე იქნება ან არ იქნება გაანგარიშებული, ამის მიხედვით შეიძლება მოტივირებული იყოს, რომ მეტი დღით გააჩეროს პაციენტი დაწესებულებაში, ან პირიქით, ადრე გაწეროს. ამას ბევრი დამზღვევი მექანიზმის შემოტანა სჭირდება. არის კლინიკები, რომლებთანაც თანამშრომლობა უპრობლემოდ მიმდინარეობს ამ მიმართულებით და ნაკლებია მოლოდინი, რომ გარკვეული მონაცემების გაყალბებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არის ცუდი ინციდენტებიც.
არის სიმულტანიური ოპერაციების საკითხი. ორი ერთდროულად ჩასატარებელი ოპერაცია, როცაა ერთი კოდის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს დღეს. ალბათ უნდა მოვიფიქროთ მეთოდი. თუ ერთი ანესთეზიით ორი ოპერაციის ჩატარება შეიძლება, რატომაც არ უნდა ჩაუტარდეს, უბრალოდ ერთი კოდით ანაზღაურება არასამართლიანი გამოდის. ამ კუთხითაც გვაქვს მცდელობები“, - თქვა მინისტრმა.