ჩაის ქართულ-ესტონურმა ბრენდმა - Renegade Tea Estate-მ, რომელიც 2017 წლიდან წყალტუბოში ოპერირებს, გასულ წელს 3000 კგ მაღალი ხარისხის ჩაი აწარმოა. კომპანიას, რომელსაც წარმოებული პროდუქციის 98% ექსპორტზე მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყანაში გააქვს, გაყიდვების განსხვავებული კონცეფცია აქვს. კერძოდ, Renegade Tea შეკვეთებს მომხმარებლისგან წინასწარ, ჩაის მოყვანის სეზონამდე იღებს, ხოლო შეკვეთებს, მოსავლის აღების და წარმოების შემდეგ გზავნის.
„როცა მომხმარებლები ჩაის წინასწარ გვიკვეთავენ, შემდეგ, ჩვენთან ერთად იმედოვნებენ, რომ კარგი ამინდი და მოსავალი იქნება სეზონზე, და თუ ასეა, ჩვენს წარმატებას ჩვენთან ერთად ზეიმობენ. ამ კონცეფციამ დაამტკიცა, რომ კარგად მუშაობას, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით, ჩაის უფრო და უფრო მეტი ადამიანი გვიკვეთავს წინასწარ“, - განაცხადა Renegade Tea-ს თანადამფუძნებელმა, ესტონელმა კრისტიინა მეჰიკმა bm.ge-სთან ინტერვიუში.
„ეს სქემა, ვფიქრობთ, სარგებლის მომტანია როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, ვინაიდან ჩვენ ვიცით როდისთვის და რა რაოდენობის ჩაი უნდა ვაწარმოოთ და დამატებითი „ნარჩენი“ თავიდან როგორც ავიცილოთ. ეს ზოგავს დროს და ფულსაც, როგორც ჩვენთვის, ასევე მომხმარებლისთვის“, - დასძინა მან.
მისივე თქმით, მათი კომპანიის მიზანია არამხოლოდ ჩაის გაყიდვა, არამედ მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების მიცემა და მათი Renegade-ის თემის წევრად ქცევა.
„როდესაც ჩაის ინდუსტრიაში ოპერირება დავიწყეთ, ცოტათი შოკირებული ვიყავით, ვინაიდან გავაცნობიერებთ, თუ რამდენად გაუმჭვირვალეა ეს ინდუსტრია - ძალიან რთულია გაიგო, საიდან მოდის შენი ნაყიდი ჩაი, ვინ აწარმოა ის. სუპერმარკეტში მარტივად შეგიძლია ჩაის ყიდვა, რომელსაც აწერია, რომ წარმოებულია მაგალითად გერმანიაში, მაგრამ ის ჩაი გერმანიაში არაა მოყვანილი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით, რაც შეიძლება ღია და გამჭვირვალე, როგორც ჩაის საწარმო. გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებელი კარგად გვიცნობდეს და თავადაც ხედავდეს ჩაის მოყვანის ტკივილს და გამარჯვებას“, - აღნიშნა კრისტიინა მეჰიკმა.
ჩაის ქართულ-ესტონური ბრენდის თანადამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანია ჩაის სხვა მწარმოებლებს არ ედრება, ვინაიდან ყველა კომპანიას აქვს თავისი კონცეფცია, ძლიერი და სუსტი მხარეები. “საქართველოში ბევრი კარგი მწარმოებელია და მოხარული ვართ, რომ ჩვენც შეგვაქვს წვლილი მსოფლიოში ქართული ჩაის სახელის ზრდაში”, - დასძინა მან.
Renegade Tea Estate-ს პლანტაციები ჯერ ისევ ახალია და ყოველწლიურად წარმადობაც იზრდება. როგორც მისი წარმომადგენელი ამბობს, ზრდის მოცულობა ყოველ წელს იმაზეა დამოკიდებული, როგორი ამინდი იქნება სეზონზე და როგორი იქნება მოსავალი, თუმცა, მათ გათვლა ყოველწლიურად ზრდაზე აქვთ.
ესტონური ბიზნესი წყალტუბოში მოსავლის აღების სეზონზე 35-40 ადამიანს ასაქმებს პლანტაციაში, ყველა მათგანი ახლომდებარე სოფლებიდანაა. ხოლო ქარხანასა და ოფისში მომუშავე ადამიანების ჩათვლით დასაქმებულია 50 ადამიანი.
Renegade Tea Estate-ის საწარმოში, რომელიც ესტონელებმა 7 წლის წინ დააფუძნეს, უკვე 1 მლნ ევროს ინვესტიციაა ჩადებული. კომპანია დაახლოებით ათი სახეობის მაღალი სეგმენტის ჩაის აწარმოებს, რომელთა ფასი 50 გრამზე 8 ევროდან იწყება.