ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში უზბეკეთიდან ვიზიტები წლიურად 14.5%-ით 29 376-მდე გაიზარდა. შედეგად, უზბეკეთი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, TOP-15 ქვეყანას შორის მე-14 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ უზბეკეთიდან ვიზიტების რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2024 წლის I-II კვარტლებში ამ ქვეყნიდან 25 661 ვიზიტი ფიქსირდებოდა, 2023 წლის პირველ ნახევარში - 20 250 იყო, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 4 724.
ერთ-ერთი ტურისტული კომპანია, რომელიც ამ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, Check-in Travel-ია, რომლის დირექტორის ია გედევანიშვილის თქმით, წლევანდელ ზრდას ელოდებოდნენ, თუმცა, უფრო ნაკლები მაჩვენებლით.
„უზბეკეთიდან გვქონდა ზრდის მოლოდინი. 10%-იანს ველოდით, თუმცა უფრო მეტი ყოფილა“, - აღნიშნა გედევანიშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, Check-in Travel-ს უზბეკეთის ბაზარზე ექსკლუზიური პარტნიორი ჰყავს და ამ ბაზარზე დიდი სახსრებიც დაიხარჯა.
„ბევრი წელია მათთან ვმუშაობთ, მათთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, გავაცნოთ უზბეკეთის მოსახლეობას. ამისთვის ყოველწლიურად დიდი სახსრები დაიხარჯა. ოთხი წელია ამ ბაზარზე ვმუშაობთ და ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა მან.
გედევანიშვილის თქმით, უზბეკებისთვის საქართველო საინტერესოა, როგორც ბუნებისა და ამინდის გამო, ასევე, უვიზო რეჟიმის გამოც.
„აქ ისე არ ცხელა, როგორც იქ, ჩვენთან არის ზღვა, მთა და სიგრილე, მათთვის საინტერესოა ჩვენ ბუნებაც. ისინი განსაკუთრებით ზღვით ინტერესდებიან. უზბეკეთიდან რეისების დიდი ნაწილი ბათუმში გვაქვს, თუმცა თბილისშიც ჩამოდიან“, - განაცხადა ია გედევანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ზოგადად აზიის ბაზარი მათთვის საინტერესოა, მაგრამ ამჟამად კომპანიისთვის წამყვანი ბაზრებია უზბეკეთი და ტაჯიკეთი.




























