საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ წარმომადგენელი მაკუნა უჩანეიშვილი უერთდება Forbes Health-ის კამპანიას #აიცერი. მისი თქმით, აცრაზე კარგი გამოსავალი დღევანდელი სიტუაციიდან არ არსებობს.
„კოვიდი ნიშნავს ცხოვრების წესის შეცვლას ბოლო 1 წლის განმავლობაში. პირადად ჩემთვის და არა მხოლოდ, მთელი მსოფლიოსთვის. თუ მასობრივად არ ავიცრებით და მოსახლეობის მინიმუმ 60% არ იქნება მოცული, ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ საქმიანობას, ვერ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ გაუარესდება.
გველოდება მორიგი ლოქდაუნები და შეიძლება ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად. მით უმეტეს ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არის ცოტა, კრიტიკულია, რომ რაც შეიძლება მალე, მოკლე დროში მოხდეს მოსახლეობის სრული ვაქცინაცია. ვაქცინაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ყველა უნდა აიცრას საკუთარი ოჯახის და ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის“, - განაცხადა მაკუნა უჩანეიშვილმა.
ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.




























