საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
“მსურს, მივმართო ახალგაზრდებს – ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ამ დღეს. მეამაყება თითოეული თქვენი მიღწევა და ცხოვრებაში კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წარმატებას გისურვებთ. გპირდებით, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელი შეგიწყოთ საინტერესო იდეებისა და ინიციატივების განხორციელებაში ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.“, - წერია მინისტრის მილოცვაში.
მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ვალია, რომ შექმნას ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა ექნება.
“პირადად მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ – განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ისეთი პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის ზრდას”, - წერია მილოცვაში.
მინისტრის თქმით, “ჩვენს ქვეყანას ჰყავს მართლაც სამაგალითო, გამორჩეული და პროგრესული ახალგაზრდობა, რომელიც მჯერა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საქართველოს წინსვლისა და განვითარების საქმეში”.