დაახლოებით 27 000 სტუდენტს 30 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრის ანგარიშშია აღნიშნული, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს.
"სურვილის შემთხვევაში მათ სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ", - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, დავალიანების ჩამოწერის შესახებ დადგენილება გასული წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სტიპენდიის გაორმაგებაზეც.
"2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა
საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს", - აღნიშნულია მინისტრის ანგარიშში.