საქართველოს მთავრობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შესახებ დადგენილებას აქვეყნებს, რომელიც დავალიანების ჩამოსაწერად საჭირო ღონისძიებების გატარების წესებს განსაზღვრავს და რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს.
ვის ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება და აღუდგება სტუდენტის სტატუსი?
დადგენილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ფინანსური დავალიანების საფუძველით/ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება ჩამოაწეროს. განათლების სამინისტრო დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს უნივერსიტეტების მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი და გავლილი სიების საფუძველზე გამოყოფს.
დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფინანსური დავალიანების საფუძველით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო ამ სტუდენტების მიერ უნივერსიტეტებისთვის გადასახდელი სწავლის საფასურის 20%-ს გადაუხდის.
ხოლო ფინანსური დავალიანების მქონე იმ სტუდენტების მიერ, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი დავალიანების საფუძველზე არ შეჩერებიათ, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადასახდელი სწავლის საფასურს სამინისტრო 10%-დან 20%-მდე თანხით აანაზღაურებს, პროცენტის ოდენობა კი უმაღლეს სასწავლებლებთან შეთანხმებით განისაზღვრება.
რა შემთხვევაში შეძლებს დავალიანების განულების შემდეგ სტუდენტი სასწავლო პროცესში ჩართვას?
დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ სტუდენტი, ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილია, აღადგინოს სტუდენტის სტატუსი (სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში) და ჩაერთოს სასწავლო პროცესში მას შემდეგ, რაც მიმდინარე სასწავლო წლის გადასახადს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით დაფარავს.
სტატუსაღდგენილი სტუდენტების სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს სტუდენტთა ადგილების რაოდენობა (აღნიშნული სტუდენტების სწავლის ვადით) და გაზრდის თაობაზე წერილობით აცნობოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
დადგენილება 4 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოქვეყნდა.