მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს სექტორს ტურისტული შემოსავლების 14%-ით გაზრდა შეუძლია"| ბალნეოლოგიის ასოციაცია

ბალნეოლოგია

საქართველოში ველნეს ტურიზმის სექტორი განვითარების ეტაპზეა, თუმცა მისი სრული პოტენციალის გამოსაყენებლად აუცილებელია კვალიფიციური კადრების მომზადება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების უფრო აქტიური პოპულარიზაცია. ამის შესახებ ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ასოციაციის დირექტორმა, ნათია თევზაძემ BMGTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროფესიული კადრების დეფიციტია, რაც კურორტებზე მომსახურების ხარისხზეც აისახება.

„რეგიონებში ძალიან ჭირს [კადრები] და თითქმის ყველა კურორტი ამბობს, რომ მისი უპირატესობაა ადგილობრივი მუშახელის მობილიზაცია, თუმცა პროფესიულ და ნახევრად პროფესიულ სპეციალობებზე განათლების საჭიროება ძალიან ჩანს. სერვისი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, სხვანაირად ტურიზმის განვითარებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა მან.

თევზაძის შეფასებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ველნეს ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მცირე მეწარმეებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. "მცირე მეწარმეებს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. იქნება ეს სერტიფიცირება, წარმოების ზრდა თუ სხვა მიმართულებები, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, კურორტებს ხარისხიანი პროდუქცია უწყვეტად მიაწოდონ".

ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ტურისტების მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა არ არის და უფრო მნიშვნელოვანი თვისობრივი მახასიათებლებია. მისივე შეფასებით, ქვეყანამ ევროპული გამოცდილება უნდა გაიზიაროს, რათა მომსახურების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდეს.

ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ასოციაციის დირექტორს მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, ველნეს ტურიზმის ერთ-ერთ კონკურენტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს.

„საქართველოს ბუნებრივი რესურსი, თერმული წყლები, არსებული ტრადიცია და თანამედროვე პროდუქცია გვაძლევს სრულ სურათს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მეტი უცხოელი ტურისტი მივიღოთ. დათვლილია, რომ ამ სექტორს საქართველოს ტურისტული შემოსავლების 14%-ით გაზრდა შეუძლია“,- განაცხადა ასოციაციის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები