მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენს სექტორში ინვესტიცია ქსელის გაფართოებაზე მინიმუმზეა დასული - ლევან ყარალაშვილი

ლევან ყარალაშვილი

"ჩვენს სექტორში მინიმუმზეა დასული ინვესტიცია ქსელის გაფართოებაზე", - ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ყარალაშვილი გადაცემა “ანალიტიკაში” საუბრობს. მისი თქმით, ამ მხრივ შექმნილი ვითარება, საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება ბიზნესის გეგმებზე.

„საქართველო არ არის იზოლირებული კუნძული, ჩვენ სრულად ვართ ინტეგრირებული საერთაშორისო სავაჭრო ქსელში. ის, რომ ბრუნვა მცირდება და შეცვლილია მომხმარებლის ქცევა, ის, რომ გაურკვეველია რეალურად, რა იქნება ხვალ, ვგულისხმობ სანქციების სხვადასხვა პაკეტებს, ის რომ შენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შემცირებულია, განსაკუთრებით იმ ბიზნესებს, რომლებსაც საერთაშორისო პარტნიორები ჰყავთ, უჭირთ, უჭირთ კომუნიკაცია, ურთიერთობა“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, ზოგადად, რა არის ინვესტიციების კლების ფუნდამენტური მიზეზი: "ინვესტორებს ძალიან კარგად ესმით, რომელ ქვეყანაში შედიან და რა რისკებს იღებენ საკუთარ თავზე, კონკრეტული თამაშის წესებია, რასაც საერთაშორისო ინვესტორები უყურებენ. დღეს, როცა ქვეყანაში მოშლილია სამართლებრივი საფუძვლები და ინვესტიციების დაცულობის საკითხი დიდი კითხვითი ნიშნის ქვეშაა, არ არის იმის განცდა, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ამ ქვეყანაში ინვესტირება.

ინვესტიციას როცა დებ, გათვლას აკეთებ, რომ კვალიფიციური მუშახელი გხვდება ქვეყანაში, ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ კვალიფიციური მუშახელის საკმაოდ დიდი გადინებაა. პერსპექტივაზე როცა ვსაუბრობთ, ის ნარატივი, რომელიც გვესმის არის, რომ სანქცირებული პარლამენტი და ხელისუფლება გვყავს და ფაქტობრივად, გვეუბნებიან რომ ქვეყანა იზოლაციური პოლიტიკისკენ მიდის. ამიტომ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ინვესტორი მოვა, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდის. ეს ფაქტორები მათ განწყობაზე მოქმედებს", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ლევან ყარალაშვილის თქმით, მიმდინარე წლის I-II კვარტლებში წლიურად საცალო ვაჭრობის სექტორში 10-5%-იანი კლებაა.

„საცალო ვაჭრობის მიმართულებით წინა წელთან შედარებით პირველ კვარტალში 15-20%-იანი კლება გვქონდა, მეორე კვარტალში კლებამ ცოტა დაიწია და 10%-იანი კლება იყო. საბოლოო ჯამში, წელიწადს რომ შევადაროთ, დაახლოებით 10-15%-იანი შემცირება გვაქვს საცალო ვაჭრობაში. გავზარდეთ მცდელობა, რომ დაგვეზღვია თავი და შევამცირეთ იმპორტი რაღაც კუთხით, მეორე მხრივ, უკეთესად ვმართავთ იმ მარაგებს, რაც გაგვაჩნია. ეს ადაპტირების პროცესი არის მუშა თემა, რასაც დღევანდელ მოცემულობაში ბიზნესი თავს ართმევს“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, ბიზნესისთვის კვლავ ბუნდოვანია, რა იქნება მომავალში.

„თუ რა იქნება შემდეგ, არ ვიცით, ვინაიდან გაურკვევლობა ისევაა. ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს, რაც ქუჩაში არის, ვხედავთ გაურკვეველ პოლიტიკას, რაც ევროინტეგრაციისგან გვაშორებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ის, რასაც ჩვენ ვუყურებდით და მეტ-ნაკლებად ვცდილობდით, რომ თავი დაგვეზღვია. თუ სიტუაცია არ დამძიმდება, დრო გვანახვებს, როგორ წარიმართება მოვლენები“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, ვაჭრობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უარყოფითი -22,1 მლნ აშშ დოლარი იყო, მეორე კვარტალში - 6.5 მლნ აშშ დოლარი, მაშინ როცა გასული წლის I-II კვარტალში ჯამში 122.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წლის I-II კვარტალში კი - 220 მლნ აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები