მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთან საერთაშორისო ტურისტების რიცხვი ძალიან შემცირებულია - "შატო მერე ვაინსი"

პირადაშვილი

ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია, პირველ რიგში, ტურიზმსა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესზე აისახება, - ამის შესახებ ღვინის კომპანიების „ვინივერიას“ და „შატო მერე ვაინსის“ თანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა BMG-ის განუცხადა. მისი თქმით, შექმნილი ვითარება განსაკუთრებით დიდი ზომის ტურისტულ ობიექტებზე აისახება.

„სამწუხარო რეალობაა, რომ როცა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა, პირველ რიგში ეს ტურიზმსა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესზე აისახება ხოლმე, ეს მოიცავს მთელი საქართველოს ტურიზმის ინფრასტრუქტურას. ეს მარტო თბილისს და კახეთს არ მოიცავს. ძალიან დიდი დარტყმაა ხოლმე ჩვენთვის. სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და შესაბამის შედეგებსაც ვიმკით. ვადასტურებ ამასაც.

ჩვენ არ ვართ ძალიან დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მფლობელები, თუმცა, რაც შეეხება დიდ ტურისტულ კომპანიებს და დიდ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, მათ უფრო შეემჩნევათ ეს რყევა. ჩვენს შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შემცირებულია საერთაშორისო ტურიზმი. პრინციპში ჩვენ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ შიდა ტურიზმით ვიკვებებით. ჯერ იყო კოვიდი, შემდეგ ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი და ახლა პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია, როცა გაურკვეველია თუ საით მივდივართ, რას ვაპირებთ, ან როგორ ვაპირებთ. სამწუხაროდ, ესაა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა.

რაც შეეხება ჯავშნებს, ჩვენთან ისეთი ჯავშნებიც კი არ ყოფილა, რომ გაუქმებულიყო. არის მცირე შემოდინება ბრიტანეთიდან, თვეში ერთხელ დაახლოებით ნორვეგიიდან. ეს ამინდს არ ქმნის. ეს არის ძალიან მცირე ჩვენი ბიზნესის მდგრადობისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა პირადაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ადამიანებს ჩამოსვლა უნდათ დასასვენებლად და არა მიტინგების, ასევე მთავრობის და ოპოზიციის "ძიძგილაობის საყურებლად".

„ისრაელიდან ბევრი ტურისტი შემოდიოდა დიდ სასტუმროებში და ეს მათ განსაკუთრებით შეემჩნათ. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, ამას დაემატათ აქ ძალიან კარგად და ღრმად გაშუქებული პოლიტიკური სიტუაცია. ადამიანები ჩამოდიან დასასვენებლად და არა მიტინგების, მთავრობის და ოპოზიციის ძიძგილაობის ყურებისთვის“, - ამბობს პირადაშვილი.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა.

„პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობაა, პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამაში არსებობს ჩვენი, სხვა მოქალაქეების პასუხისმგებლობაც, მაგრამ როცა ჩვენს შვილებს ვხედავთ, რომლებიც იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს უკან დავიხიოთ და არ დავუდგეთ მათ გვერდით“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები