ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ არაერთი საჯარო განცხადება, მათ შორის პირადად მე. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და გვქონდა ძალიან მეგობრული, საინტერესო საუბარი ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




























