ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მასთან გვქონდეს საუბარი ნებისმიერ საკითხზე, - ამის შესახებ "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ "გერმანიის ელჩი ასეთი ტონით ესაუბრება იმ ქვეყნის საზოგადოებას, რომელშიც გერმანიას წარმოადგენს".
„ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კორექტულად იქნება ეს ურთიერთობები დიპლომატიურ ჩარჩოებში, და ჩვენც იგივეს მოველით. თუმცა გადაჭარბებული მოლოდინები ბუნებრივია ვერ გვექნება, სწორედ იმ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია გერმანია და ძალიან ძვირფასია ის ათწლეულების ურთიერთობები, რომელიც ამ სახელმწიფოსთან აქვს საქართველოს სხვადასხვა სფეროში. ეს ურთიერთობები მართლაც ძვირფასია, და ნამდვილად არ გვემეტება იმისათვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედებებით ეს ურთიერთობები ისე დავაზიანოთ, რომ შემდგომ შეუძლებელი იყოს გამოსწორება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, გერმანიასთან "არაჩვეულებრივი ურთიერთობები გაუარესდა".
„ზოგადად, ელჩის მთავარი მოვალეობა და ფუნქცია არის ის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეუწყოს ხელი და როდესაც რთულდება ქვეყნებს შორის ურთიერთობები, პოზიტიური როლი შეასრულოს, თუნდაც გართულებულ ურთიერთობებში. ჩვენ ვხედავთ პირიქით, არაჩვეულებრივი ურთიერთობები გაუარესდა, და ეს არასდროს არ აისახება ქვეყნების ურთიერთობებზე კარგად.“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განმარტა, რომ ელჩის არჩევის საკითხი გერმანიის სახელმწიფოს გადასაწყვეტია.
„ეს გერმანიის გადასაწყვეტია, თუ ვინ იქნება მათი ელჩი საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ეს არის გერმანიის სახელმწიფოს უფლება, განსაზღვროს, ვინ უნდა ჰყავდეს, როდის უნდა ჰყავდეს და რამდენი ხნით უნდა ჰყავდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ადამიანები არ მოქმედებენ იმ ჩარჩოებში, რაც დადგენილია საერთაშორისო ნორმებით, როდესაც საქმე ეხება ელჩების საქმიანობას ამა თუ იმ ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არიან ამ ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ ვიღებთ მათ. დაბრუნების შემდგომ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრძანდებოდა ბატონი ელჩი, და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მასთან გვქონდეს საუბარი ნებისმიერ საკითხზე. როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მუშაობ და შენი სამუშაო დღის წესრიგი არის ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რამ არ ხდება, და ვხედავთ, რომ სულ სხვა დღის წესრიგით მოქმედებს კონკრეტული ქვეყნის ელჩი.“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.




























