"ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა წარმოადგენს, სადაც თქვენი დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს ანდერს პეტერსონს უთხრა, რომელთანაც შეხვედრა გამართა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.
სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს მრავალწლიანი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ნარჩენების მართვა წარმოადგენს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. ქვეყანაში მოქმედებს ნარჩენების მართვის კოდექსი, შესაბამისი სტრატეგია და ეროვნული გეგმა. საქართველო მიერთებულია მაღალი ამბიციის კოალიციასა და „ნულოვანი ნარჩენის” ინიციატივას, საკანონმდებლო ბაზა მაქსიმალურად დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა წარმოადგენს, სადაც თქვენი დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ანდერს პეტერსონის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მას უნდა ჰქონდეს საუკეთესო სერვისები“, - აღნიშნა ჯინგმინ ჰუანგმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ხელმძღვანელი სოფიო ახობაძე და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.




























