მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეყოლება მყარი უმრავლესობა. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის გამარჯვება. ქართულმა საზოგადოებამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს საკადრისი პასუხი გასცა. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში "ოცნების" კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმათა 45.31% მოიპოვა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ კი 34.31%. ამდროისთვის 769 უბნიდან დათვლილია 378 უბნის შედეგები.