მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული მიმართულებები და ავიაკომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს - ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

„ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ ევროპული მიმართულება მათთვის პრიორიტეტულია და ახალი ავიაკომპანიების მოსაზიდად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მისივე თქმით, ამ პროცესში სახელმწიფო სამინისტროსა თუ აეროპორტების გაერთიანების სახით აქტიურად არის ჩართული.

„მინდა ძალიან გულწრფელად აღვნიშნო, რომ ეკონომიკის სამინისტრო და აეროპორტების გაერთიანება ბოლომდე ჩართულები არიან ამ პროცესში. ისინი ძალიან გვეხმარებიან და მოლაპარაკებებს ქვეყნების დონეზეც აწარმოებენ. ნებისმიერი შეხვედრა სამთავრობო დონეზე ყოველთვის ითვალისწინებს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებას, ავიამიმოსვლასა და ავიაშიშირეების მატებას. ჩვენ ერთად, კოორდინირებულად მივდივართ.

ჩვენ ვმუშაობთ ახალ ბაზრებზე, იმიტომ რომ ვხედავთ როცა გარკვეული კონფლიქტია, საქართველო ყოველთვის მთავარი სამიზნე ხდება. განსაკუთრებულად თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ზარალდება, სადაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი კლება გვაქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ განვავითაროთ ევროპული მიმართულებები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არსებულ და ახალ ავიაკომპანიებთან საკმაოდ აგრესიული მოლაპარაკებები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვუკეთებთ საკმაოდ კარგ ფასდაკლებებსა და შეღავათებს, რათა ისინი მოვიზიდოთ და საქართველოში ჩამოვიყვანოთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი. დღესდღეობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს: China Southern-ი და აღმოსავლეთ ჩინეთის ავიაკომპანია (China Eastern), რომელიც ივლისიდან იწყებს ოპერირებას შანხაის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია ინდოეთი. თუმცა, „ინდიგომ“ ამ მოვლენების გამო შეწყვიტა რეისების განხორციელება, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ დაგვიბრუნდა, რომ ზამთრის სეზონიდან კვლავ გააგრძელებს ოპერირებას.

ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩართულობაც. ზუსტად ყველაზე კრიზისულ პერიოდში, როცა ბათუმის აეროპორტს ყველაზე მეტად უჭირდა, აზერბაიჯანის ავიახაზებმა დაიწყო ოპერირება ბათუმიდან. მათ ფრენები მაისში უნდა დაეწყოთ, თუმცა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და 16 აპრილიდან ბათუმში ბაქოს მიმართულებით დაიწყეს რეისების შესრულება. ასევე ბათუმში ოპერირებას იწყებს სომხური FlyOne“ერევნის მიმართულებით. FlyArystan-ი კი პირველად ბათუმიდან, ასევე ივლისიდან, შეასრულებს რეისებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან, ანუ სამი მიმართულებით", - განაცხადა ზაქარაძემ "საქმიან დილაში" საუბრისას.

ბათუმისა და თბილისის აეროპორტების მმართველი კომპანია ასევე აცხადებს, რომ მათთვის ახლა ესპანეთის მიმართულება ძალიან პრიორიტეტულია და იმედოვნებენ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე (ოქტომბერი-მარტის პერიოდი) ესპანური ავიაკომპანია საქართველოში უკვე იფრენს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 70 ავიაკომპანია ოპერირებს 73 მიმართულებით. ეს არის რიცხვი, რაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა. ანუ, ამ აეროპორტისთვის 70 ავიაკომპანია და 73 მიმართულება საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა რა თქმა უნდა, პირველ რიგში აუცილებელია არსებული ავიაკომპანიების შენარჩუნება და მათთან მუშაობა, რათა სიხშირეები გაზარდონ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ახალი ავიაკომპანიები და ახალი მიმართულებებიც. მაგალითად, ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის მიმართულება. მართალი გითხრათ, ნომერ პირველი და პრიორიტეტული ესპანურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებაა. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და ამ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ ზამთრის სეზონიდან რომელიმე ესპანური ავიაკომპანია წინასწარ არ დავაკონკრეტებ, დაიწყებს თბილისის მიმართულებით ფრენებს", - აცხადებს "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები