მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომაზე
BM. GE
11.09.23 21:10
29

"ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ალბათ ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია - ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ის მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი ნაკადები გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. როგორც მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, პრემიერის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა იმის დეტალური ანალიზი, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ჩინეთის ტურისტული პოტენციალის უკეთესად გამოყენება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი კი ამ გზაზე სწორედ სავიზო რეჟიმი იყო.

ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელთაც წარმატებით შეძლეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დეტალებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ის უკვე დღეიდან შედის ძალაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ერთი შემოსვლისთვის ვადა 30-დღიანია, რაც ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღები ვადაა.

„უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. მთავრობის სხდომის დღევანდელი გადაწყვეტილება ამ თანმიმდევრული გეგმის ნაწილია და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ხანებში უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება. ამასთან, მიმდინარეობს ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მუშაობა. თუმცა, მეტი ფრენები ვერ შედგება, თუ არ იქნება საქართველოს მეტი ცნობადობა და დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. ამაზე გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და  განხორციელება იმისთვის, რომ ტურისტული დანიშნულების ქვეყანა - საქართველო ჩინეთში უფრო პოპულარული გახდეს“, - აცხადებს დავითაშვილი.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ კუთხით აქტიურად იმუშავებს. ასევე იგეგმება მუშაობა ჩინელ პარტნიორებთან ერთად, რათა ეს იყოს მიზნობრივი და უფრო შედეგზე ორიენტირებული კამპანიები და არა ზოგადად ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების მობილიზება და საქართველოთი დაინტერესება.

"გვინდა, ჩინური კაპიტალი ვიხილოთ სხვადასხვა მიმართულებით და უფრო დივერსიფიცირებული იყოს ჩინური ინვესტიციები საქართველოში. ჩინეთი დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკა და ტექნოლოგიურად ძალიან მოწინავეა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ძალიან მცირედით არის წარმოდგენილი ჩინური ინვესტიციები. მეტი პოტენციალი ნამდვილად არსებობს მათ შორის, მრეწველობისა და წარმოების სფეროში. სავაჭრო პირობები კარგი გვაქვს, გეოგრაფია კარგი გვაქვს, მაგრამ ბევრი სხვა რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ წარმატებული ვიყოთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ვფიქრობთ, ინოვაციებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს", - აცხადებს დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები