თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას, ამასთან, უწყების ცნობით, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით.
"ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს", - წერია ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში.
წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი 96%-ით შემცირდა - როგორია 5 წლის სტატისტიკა?
სხდომის ფარგლებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილის, ლინ ძის თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი აღნიშნული დერეფნის განვითარებაში.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დააწესა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და ამით ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო პარტნიორისა და სატრანზიტო ჰაბის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 1.92 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთმა მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.
ლევან დავითაშვილმა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი „თბილისის აბრეშუმის გზის“ მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება.




























