საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის 50%-ით ძვირდება და მისი დასრულების ვადაც 2 წლით გახანგრძლივდა. როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად გამოყოფილი 70 მლნ ევრო საკმარისი არ არის და დამატებით დაახლოებით 40 მილიონია საჭირო.
“მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დროში რამდენიმე მიზეზის გამო გაჭიანურდა. მისი თქმით, პირველი 5 წელი ამ მიმართულებით პროცესები არათანმიმდევრული იყო, რის გამოც შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეალური მოწყობა 2020 წლიდან დაიწყო.
“როგორც ყველა ოპერატორი, ისე OpenNet-იც იმავე რეჟიმში იღებს ამ ნებართვებს. მშენებლობის პროცესი, მოგეხსენებათ, რომ არ არის მარტივი. ერთ-ერთი მთავარი ამბავია კიდევ, რომ სტანდარტები არის დადგენილი ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქსელი უნდა იყოს ძალიან მდგრადი, მინიმუმზე დავიდეს დაზიანებები.
ეს ძალიან მაღალი ევროპული სტანდარტია. შესაბამისად, გვირჩევნია იყოს კარგი ხარისხის, ინტერნეტის მდგრადობისთვის, ქვეყნის მდგრადობისთვის, იმიტომ, რომ ოპტიკური ქსელი ეს არის ძალიან გრძელ პერიოდზე გათვლილი ინვესტიცია.
ალტერნატივა ამას არ აქვს, ამიტომ რასაც ვაკეთებთ, ჯობია გავაკეთოთ ძალიან კარგად, ცოტა დიდი დრო დავკარგოთ, არაუშავს. გვესმის გაძვირების მომენტებიც, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი შეიცვალა, მათ შორის, ელემენტარულად ფასები შეიცვალა ყველაფერზე.
ამ ქსელის აგებით საქართველო დაასრულებს ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელსაც არ ექნება ალტერნატივა ტექნოლოგიური წინსვლის, ქვეყნის როგორც ჰაბის პოზიციონირების და ბევრი სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სატელევიზიო, ინტერნეტ და სხვა მომსახურების მიწოდების კუთხით, ამიტომ ეს არსებითად ცვლის როგორც სახელმწიფო სერვისების სიჩქარეს, სიმძლავრეს, ასევე ბოლო მომხმარებლის მდგომარეობას. ამიტომ დიდია ძალიან ინტერესი ამ პროექტის დროულად დამთავრების მხრივ.”
უჩა სეთური ამ ეტაპზე ვერ საუბრობს ზუსტ მიზეზებზე, თუ რატომ ხდება პროექტის ვადების გახანგრძლივება და რატომ არის საჭირო დამატებითი ფინანსები, თუმცა მისი თქმით, ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი, რომელიც თბილისამდე ქსელის მოწყობას გულისხმობს, წესით მომდევნო წლის ზაფხულამდე დასრულებული იქნება, ამის შემდეგ კი მხოლოდ მეორეხარისხოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა დარჩება.
"მოდით პირდაპირ გეტყვით, თბილისთან როგორც კი შევერთდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდება და 90% ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით დასრულებული იქნება. იმიტომ, რომ ის გამოწვევა, რაც გვქონდა რაჭაში ჩაღწევასთან, ქვემო სვანეთთან, საჩხერე-ჭიათურაში, დუშეთის მიმართულებით, გურიაში, აჭარაში, ეს აღარ არსებობს. დღეს ჩვენი ოპერატორები უკვე ქუთაისში არიან ქსელზე დაერთებული. ახლა გეგმავენ, რომ თბილისამდე წამოვიდეს დაერთებები, ამიტომ ამ ეტაპისთვის, მე შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი ინტერესი ჩვენი დაკმაყოფილებული იქნება, შემდეგი წლის ალბათ ზაფხულამდე. დანარჩენი უკვე დარჩება გადამზღვევი ინფრასტრუქტურა,”- ამბობს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.




























