რატომ არ გაწყვიტა თბილისის მერიამ კიკვიძის ბაღის კონტრაქტორთან ხელშეკრულება, რომელმაც სამუშაოები ადგილზე 4 თვის დაგვიანებით დაასრულა?
bm.ge-ის კითხვაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი პასუხობს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო შესყიდვის დროს არის შემთხვევები, როცა კომპანიები ვერ ასრულებენ შესაბამის ვადებში სამუშაოებს, თუმცა თბილისის მერიისთვის პრიორიტეტია ის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი დასრულდეს და ის შედეგი დაიდოს რაც კომპანიას მოეთხოვება.
“ეს სამუშაოები დღეს დასრულებულია, თუმცა კომპანიას ჰქონდა გარკვეული ვადაგადაცილება, რომელიც ამ კომპანიას არ ეპატიება და შესაბამისად საჯარიმო სანქციები გამოყენებული იქნება ამ კომპანიის მიმართ. ნებისმიერი სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას არის ხოლმე შემთხვევები, რომ ვიღაცამ შეიძლება ვადაში დაამათავროს ვიღაცამ შეიძლება ვადაზე ადრე, ვიღაცამ ვადაგადაცილებით, თუმცა ჩვენ მიდგომა ყველას მიმართ ერთნაირი გვაქვს”,-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის აპრილში კიკვიძის პარკში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, 225 დღეში 2019 წლის 11 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მალევე ამ ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია. თუმცა სამუშაოები ადგილზე მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით 2020 წლის აპრილში დასრულდა.